ფარცხალაძის კომპანიასთან დაკავშირებული დარღვევები აუდიტის სამსახურის 2016 წლის ანგარიშში ვერ მოხვდა

ოთარ ფარცხალაძის კომპანიასთან დაკავშირებული დარღვევები აუდიტის სამსახურის 2016 წლის ანგარიშში ვერ მოხვდა, რადგან ამ ფაქტს და მერიის ქონების მართვის მენეჯმენტის საქმიანობას აუდიტის სამსახური მიმდინარე წელს სწავლობს და ამ ანგარიშზე მუშაობას ერთ თვეში დაასრულებს, რომლის შედეგებიც, სავარაუდოდ, 2017 წლის ანგარიშში მოხვდება, – ეს განცხადება გენერალური აუდიტორის პირველმა მოადგილემ, ნინო ლომჯარიამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2016 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე გააკეთა, რომელიც 2014-2015 წლებს მოიცავს.

ლომჯარიას თქმით, მიმდინარე წელს აუდიტის სამსახური მერიაში 2015-16 წლების მდგომარეობას სწავლობს. შესაბამისად, ამ ეტაპზე ვერ დაასახელებს, რა მიმართულებით გამოიკვეთა ხარვეზები მერიაში. „მსგავსი ტიპის საკითხები იყო თუ არა გასულ წლებში, აუდიტის დასრულების შემდეგ გამოიკვეთება. ჩვენ 10 დღის წინ მხოლოდ ფარცხალაძესთან დაკავშირებული ინციდენტი გავასაჯაროეთ“, – აღნიშნა ლომჯარიამ.

ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, 2016 წელს აუდიტის სამსახურმა 71 აუდიტი ჩაატარა, დარღვევების საერთო მოცულობა კი 71 მილიონი ლარია. 2016 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აუდიტორული შემოწმება ცენტრალურ და ადგილობრივი მმართველობის ისეთ სფეროებში ჩაატარა, რომელიც საბიუჯეტო სახსრების მოცულობიდან გამომდინარე, მომატებული რისკებითა და მაღალი საზოგადოებრივი დაინტერესებით ხასიათდება: ჯანდაცვა, განათლება, თავდაცვა, ინფრასტრუქტურა, გარემოს დაცვა, ეკონომიკა და სხვა სფეროებია. მისივე ცნობით, გაიცა 189 რეკომენდაცია და ამ დროისთვის რეკომენდაციების 47% შესრულებულია.

banner
წინა სტატიაში“არგუმენტის გარეშე, საქართველოს ან აზერბაიჯანის სამართალდამცავი უწყებების დადანაშაულება უსამართლობაა“
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: წინასწარი დასკვნების გაკეთება არის მიუღებელი