8.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

ფარცხალაძე: ჩემს წინააღმდეგ საქმე უცხოელი პატრონების დაკვეთით შეკერეს

აშშ-ის და ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძე, – რომელზეც საქართველოს ხელისუფლებას „კანონიერი ქურდის“ ძმის მკვლელობასა და „ქოლცენტრებთან“ დაკავშირებული ბრალდებებით ძებნა აქვს გამოცხადებული, – პირველ კომენტარს აკეთებს და თავის ყოფილ გუნდს „დაკვეთის შესრულებაში“ ადანაშაულებს.

მოკლე წერილობითი ინტერვიუ ოთარ ფარცხალაძესთან, – ყოფილ გენერალურ პროკურორთან, რომელიც პოსტიდან წასვლის შემდეგ რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად და რომელმაც ბოლო წლებში გვარში „რომანოვი“ დაიმატა, – პარასკევს, 20 თებერვალს გამოაქვეყნა რუსულმა პროსამთავრობო Моско́вский комсомо́лец-მა.

MK-ს თანახმად, ფარცხალაძე „დარწმუნებულია, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმე „უცხოელი პატრონების“ დავალებით შეკერეს“.

„შეთხზული დანაშაულებისთვის მდევნიან, იმისთვის, რაც არ ჩამიდენია, ცდილობენ ისტორიული სამშობლო წამართვან. საერთაშორისო კრიმინალურმა დაჯგუფებებმა ჩემზე ნადირობა გამოაცხადეს. არ მეშინია. ეს ყველაფერი ყველაზე უკეთ ადასტურებს ჩემი არჩეული გზის სიმართლეს. მზად ვარ ჩემი სიცოცხლე გავიღო ჩვენი შვილების ბედნიერი მომავლისთვის.

დროა, წარსულში დავტოვოთ წარსულის წყენები, რომლებიც ჩვენი ერის მტრების მიერაა შექმნილი და წინ ვიაროთ. ქართველმა ხალხმა თვალები უნდა გაახილოს და გაიგოს, ვინ მოქმედებს მის ინტერესებში, ხოლო ვინ ინტრიგებს ხლართავს, რითაც უცხოელ პატრონებს ემსახურება, ანგრევს ჩვენს იდენტობას, წეს-ჩვეულებებსა და ერთიანობას. ასე შევძლებთ ჩვენი სუვერენიტეტის, ჩვენი ტრადიციებისა და რწმენის შენარჩუნებას“, – განაცხადა ფარცხალაძემ.

მან ასევე ქართველ და რუს ერებს შორის „ძმური ურთიერთობების“ გაძლიერებაზეც ისაუბრა.

„გრძელი და სახიფათო გზა გავიარე ჩემი სამშობლოს – საქართველოს – სამსახურში. და დღეს ზუსტად იმ წერტილში აღმოვჩნდი, საიდანაც ვიცი, რომ ახალი ფურცელი დაიწყება ძმურ ერებს შორის ურთიერთობაში…

მართლმადიდებლური რწმენა გვაერთიანებს…

ყველაფერს გავაკეთებ ქართველ და რუს ერებს შორის ძმური ურთიერთობების გასაძლიერებლად, რომელიც პატივისცემაზე, ერთიანობასა და გარე საფრთხეებისთვის ერთობლივ წინააღმდეგობაზეა დაფუძნებული“, – განაცხადა ფარცხალაძემ.

ცნობისთვის, ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას ედავებიან. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს. ამასთან, ფარცხალაძეს ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე წარედგინა ბრალი.

ფარცხალაძეს პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.

banner
წინა სტატიაშიაშშ ირანზე შეტევის გეგმით კონკრეტულ პირებს მიზანში იღებს – ტრამპს თეირანში რეჟიმის შეცვლა სურს?!
შემდეგი სტატიაცნობილი იტალიელი დიზაინერისა და მეწარმის ლუკა ბალარინის შვილი საქართველოში თხილამურებით სრიალისას მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა