ზამთრის პარალიმპიური თამაშების საზეიმო გახსნის ცერემონიას ბოიკოტს, უკრაინასთან ერთად, არაერთი სახელმწიფო უცხადებს, რომელთა შორის საქართველო არ არის.
ბოიკოტის მიზეზი საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებაა, რომელმაც მილანსა და კორტინა დ’ამპეცოში 6-15 მარტს გასამართ თამაშებში, რუს და ბელორუს სპორტსმენებს ეროვნული სიმბოლიკით, დროშითა და ჰიმნით გამოსვლის ნება დართო.
გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, უკრაინის პარალიმპიურმა კომიტეტმა გახსნის ცერემონიას ბოიკოტი გამოუცხადა და იმავეს გაკეთებისკენ სხვა ქვეყნებსაც მოუწოდა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ ინიციატივას მხარი აუბეს: ჩეხეთმა, ფინეთმა, ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა, ხორვატიამ, ნიდერლანდებმა, კანადამ და გერმანიამ.
გავრცელებული ინფორმაციით, გახსნის ცერემონიაზე დასწრებას არ აპირებენ ხორვატიის ხელისუფლების წარმომადგენლები, ხოლო პოლონური ტელეარხი Telewizja Polska (TVP) გეგმავს, რუსეთისა და ბელორუსის დელეგაციების გამოსვლის დროს ტრანსლირება გაწყვიტოს და გამოაჩინოს უკრაინის მხარდამჭერი ტიტრი.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთი და ბელორუსი ზამთრის პარალიმპიური თამაშებიდან 2022 წელს მოკვეთეს. 2024 წლის ზაფხულის თამაშებში ამ ქვეყნების წარმომადგენლები მხოლოდ ნეიტრალური სტატუსით გამოვიდნენ. იტალიაში გასამართ თამაშებში 6 რუსი და 4 ბელორუსი პარასპორტსმენი იასპარეზებს.















