პარადოქსულ რეალობაში ვცხოვრობთ, ნიკა მელია მოძალადესა და კრიმინალს ირაკლი კობახიძეს უწოდებს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ნიკა მელია სხდომებზე პროვოკაციისთვის მიდის და ახერხებს კიდეც.

როგორც მან განაცხადა, პარადოქსია, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ძალადობაზე საუბრობს.

„პარადოქსულ პოლიტიკურ რეალობაში ვცხოვრობთ. ნიკა მელია მოძალადესა და კრიმინალს ირაკლი კობახიძეს უწოდებს, “ნაციონალური მოძრაობა” ძალადობაზე საუბრობს და ხელს იშვერს “ქართული ოცნებისკენ”. ნიკა მელია 45 სხდომიდან ორ სხდომას დაესწრო, სადაც პარტიიდან მინიჭებული უფლებამოსილებით იყო მოსული, რომ პროვოკაცია მოეწყო. პარლამენტისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა და რამენაირად ხელი მოხვედროდა, რომ რომელიმე დეპუტატი პროვოკაციაზე წამოეგო. ამასაც კი ახერხებს ხოლმე, როცა ვცდილობთ, მის პროვოკაციას მოთმინებით შევხვდეთ. ნიკა მელიას ფუნქციაა, რომ პარლამენტში პროვოკაციისთვის იაროს, რადგან სადეპუტატო უფლებამოსილებას არ ასრულებს“, –განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტში დეპუტატებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც დეპუტატ ირმა ინაშვილს სიტყვით გამოსვლისას ადგილიდან გარკვეული რეპლიკებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია პასუხობდა. ირმა ინაშვილმა გამოსვლა შეწყვიტა, მივიდა მელიასთან და მათ შორის ფიზიკურ გაწევ-გამოწევას ჰქონდა ადგილი. დაპირისპირებაში ზაზა პაპუაშვილიც მონაწილეობდა.

სიტუაციის განსამუხტად დაპირისპირებაში მანდატურის სამსახურის ჩარევა გახდა საჭირო.

banner
წინა სტატიაშიომბუდსმენი პარლამენტს მოუწოდებს, არ მიიღოს კანონი, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს სამართლებრივ სტატუსს უცვლის
შემდეგი სტატია67 803 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლებათ