ფაქტები – რატომ გაათავისუფლეს ალავიძე და რატომ არ მიდის ნონიაშვილი?!

29 მარტს, 14 საათსა და 45 წუთზე, როცა „თაიმერმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, ზუსტად ვიცოდით, რომ დღის ბოლოს, ბრიფინგზე, ჩვენი ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდებოდა.

„ამ ცვლილების თაობაზე გაჟონა ინფორმაციამ“, – ეს სიტყვები მეორე დღეს, 30 მარტს, დილით 10 საათზე, განაცხადა პრემიერმა კვირიკაშვილმა და 29 მარტს ჩვენს მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა – დიახ, იმის გამო, რომ „ინფორმაციამ გაჟონა“ 29 მარტს ჩანიშნული ბრიფინგი „მტრის ჯინაზე“ 30 მარტისთვის გადაიდო. თურმე „ინფორმაციამ გაჟონა“ და „რანაირი ისტორია აღარ მოვისმინეთ“, მაგრამ: „მინდა გითხრათ, რომ ამ პოლიტიკურ სპეკულაციებს არანაირი საფუძველი არ გააჩნია. რაც მოგიყევით, ეს არის სიმართლე და ეს არის ის რეალობა, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ყველა მოქალაქისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერი მოგვიყვა, რომ: „მოგეხსენებათ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ატარებს სხვადასხვა ტენდერს და არაერთი კომპანია მონაწილეობს ამ ტენდერებში. ბუნებრივია, რომ კერძო სექტორის ყველა სუბიექტი ვერ იქნება ერთნაირად ბედნიერი და კმაყოფილი. ისინი სხვადასხვა პოლიტიკური საშუალებებით… მათ შორის, ჩვენ ვნახეთ ე.წ. „ოპოზიციონერები“, რომლებიც კონკრეტულ კომპანიებს ლობირებდნენ, გუშინ იყვნენ აყოლილნი ამ მითქმა-მოთქმას“. მეტიც, თურმე: „წელიწადნახევრის წინ, როდესაც ზურაბ ალავიძე დაინიშნა მთავრობის ადმინისტრაციაში სტრატეგიული პროექტების მართვის განყოფილების უფროსად, რომელსაც ევალა რეგიონული პროექტები, მახსოვს, კარგა ხანი დამჭირდა მისი საჯარო სამსახურში წამოსვლაზე დაყოლიებისთვის. მაშინვე ამბობდა, რომ იგი საკუთარ თავს, გრძელვადიან პერსპექტივაში, ვერ ხედავდა საჯარო სექტორში, გამომდინარე იქიდან, რომ მე მას 20 წელია ვიცნობ და ყოველთვის იყო კერძო სექტორში“.

თურმე რაშია საქმე, ზურაბ ალავიძეს არასდროს უოცნებია მინისტრის სავარძელზე და მასზე პრემიერმა იძალადა, როცა ჩააბარა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ალავიძე მაშინ დანებდა კვირიკაშვილს, რამდენიმე დღის წინ კი, როდესაც კვირიკაშვილმა ისევ სცადა ალავიძეზე ძალადობა, ის გაჯიუტდა, წინააღმდეგობა გაუწია მთავრობის მეთაურს და თავისი გაიტანა: „რამდენიმე დღის წინ, მან მომმართა თხოვნით – კერძო სექტორში დაბრუნების თაობაზე. მე, ასევე, დამჭირდა რამდენიმე დღე, რომ დამეყოლიებინა დარჩენაზე. ამგვარად უკვე ვეღარ შევძელი და ამიტომ მომიწია მისი თხოვნის დაკმაყოფილება“.

გულის ამაჩუყებელი ისტორიაა, თვალთაგან ცრემლდენას რომ ვერ შეიკავებს ადამიანი, ისეთი. მითუმეტეს, რომ თურმე: „მინდა ვთქვა, რომ ზურა ყოველთვის, სადაც მუშაობდა და მე მას დიდი ხანია ვიცნობ, იყო გამორჩეულად ეფექტური მენეჯერი. ის ყოველთვის იყო ბიუროკრატიის წინააღმდეგი და შედეგებზე ორიენტირებული ადამიანი. მან ეს დაადასტურა საკუთარი მუშაობითაც მთავრობაში, მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე, ეს გახლავთ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა, სადაც მან 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებაში – სივრცითი განვითარების კომპონენტში სერიოზული პროგრესი აჩვენა“.

კვირიკაშვილს გული დასწყდა „კარგი კადრი დაკარგა“, ინერვიულა ნიკანორ მელიამაც: „უკვე ძალიან შეურაცხმყოფელია ბატონი კვირიკაშვილის ბრიფინგები და კვლავ გასაღება, რომ ის თითქოს ნამდვილად წარმოადგენს პრემიერ-მინისტრს. ერთადერთი ნორმალური მინისტრი, თუკი ვინმე ჰყავდათ კაბინეტში, ეს იყო ბატონი ალავიძე და ისიც ეტყობა, ბატონი ივანიშვილის დავალებით გადააყენეს სრულიად დამამცირებლად და დანიშნეს ივანიშვილის უახლოესი ადამიანი, როგორც ჩანს იგი ჩვეული ელასტიურობითა და მოქნილობით ვერ აფათურებდა ხელს საკუთარი გემოვნების მიხედვით ინფრასტრუქტურულ პროექტებში, როგორც მას სურდა“.

მართალია კვირიკაშვილს „ჩართული ტაიმერები“ აღიზიანებს და მყისიერად რეაგირებს, თუნდაც იმიტომ, რომ „მოსაწყენი არ იყოს მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგები“, მაგრამ ამჯერად მყარად დგას და ნიკანორ მელიას პასუხს არ სთხოვს, არც საკუთარ თავს იცავს და არც მას, ვინც „კვირიკაშვილები“ და თავად კვირიკაშვილი, ხელისუფლებაში მოიყვანა…

ერთი დღე არაფერს წყვეტს! არაფერს! მნიშვნელობა არ ჰქონდა როდის გამოიყვანდნენ „გილიოტინაზე“ ალავიძეს და საზოგადოებას აჩვენებდნენ მის ლამის ატირებულ სახეს. ის, რაც 29 მარტს „ჩართული ტაიმერის“ გამო არ მოხდა, 30 მარტს იქნა აღსრულებული. კვირიკაშვილმა „თაიმერის“ გავრცელებული ორივე ინფორმაცია – ალავიძის წასვლა და ცქიტიშვილის მოსვლა – ერთი ხელის მოსმით დაადასტურა, მაგრამ კვირიკაშვილს არ დაუსახელებია რეალური მიზეზი, რის გამოც იძულებული გახდა, მეგობარი სამსახურიდან გაეშვა.
კვირიკაშვილს აღიზიანებს ჩართული ტაიმერი, მაგრამ „თაიმერმა“ ზუსტად იცის რა მოხდა 20-დან 30 მარტის ჩათვლით ალავიძის თავს.
მივყვეთ მოვლენებს: კვირიკაშვილის მეგობარი ალავიძე, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი მსხვილი დამფინანსებელი იყო. მან „ნაცებს“ როგორც „დარიალ ენერჯის“ დირექტორმა 2012 წლის ივლისში 35 000 ლარი შესწირა. მთავარი ის კი არაა ვის და როდის „უფეშქაშა“ ალავიძემ ფული, მთავარი ისაა, რომ მისი კომპანია არა ერთ მაქინაციაში იმხილებოდა და „მწვანე ალტერნატივა“ დოკუმენტებით ადასტურებდა რა „ჩიტიც“ იყო ალავიძე და მისი კომპანია. კვირიკაშვილმა კი დაგვამადლა ალავიძის თავი, მაგრამ ფაქტია: პრემიერმა ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილესი სამინისტროს ხელმძღვანელად ქვეყანას თავს მოახვია ადამიანი, რომელსაც მაქინაციებში ადანაშაულებდნენ (დოკუმენტებით და არა ზერელედ).

კვირიკაშვილმა ქვეყნის ინტერესებზე მაღლა თავისი მეგობრის ინტერესი დააყენა და ახლა პრემიერმა რამდენჯერაც არ უნდა თქვას ალავიძეზე ვიძალადე მინისტრობაზე რომ დამთანხმებოდაო, მაინც არავინ დაუჯერებს. მითუმეტეს, ძალიან ბევრმა იცის როგორ ოცნებობდა ალავიძე სახელმწიფო სტრუქტურაში (მინისტრზე ნაკლებ სავარძელზე – არა!) მუშაობას, კონკრეტულად კი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის სავარძელზე.
კვირიკაშვილისთვის უმნიშვნელო გახდა, ბევრი დეტალი: 15 მარტს, საინფორმაციო-სააგენტო ipress.ge აქვეყნებს ძალიან საინტერესო სტატიას სათაურით: „გზა, რომელიც ტაძრამდე არ მიგვიყვანს – საგზაო პროექტების შავი ხვრელები“. სტატიაში დეტალურადაა აღწერილი რა მაქინაციებს ჰქონდა ტენდერებში ადგილი და რაც მთავარია, მოყვანილი ფაქტები დოკუმენტებითაა დადასტურებული. კვირიკაშვილს ნამდვილად არ ევალებოდა გამოძიების დაწყება, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ ვისაც ევალებოდა, იმათთაც არ „გაუტოკებიათ კალამი“. „იქ, ზემოთ“ არც მაშინ აუტკივებიათ თავი როცა „თაიმერმა“ გამოაქვეყნა სტატია „ინფრასტრუქტურის სამინისტრო ეროვნულ შუღლს აღვივებს?!“, სადაც ერთ-ერთი ტენდერის შესახებ ვწერდით და რასაც მოჰყვა ცნობილი სკანდალი – კვირიკაშვილი-გრეჩიხა. მოკლედ, ალავიძეს სრული თავისუფლება და ხელშეუხებლობა ჰქონდა.

მაგრამ….

ალავიძემ ძალიან კარგად იცოდა, რომ ოდესმე გაწყდებოდა ძაფი, რომელსაც ებღაუჭებოდა, მითუმეტეს, რომ მედია არ ჩერდებოდა და მედია დოკუმენტებზე დაყრდნობით წერდა. ამიტომ მიმართა ხელხს: ზურაბ ალავიძემ იცოდა, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილთან, უჩა მამაცაშვილთან, მეგობრობს. ალავიძემ „დაიანგარიშა“ და გადაწყვიტა ხელი სეთურიძეზე შეეწმინდა – თუ სეთურიძე გაებმებოდა მასთან ერთად, გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელს მამაცაშვილი „დაკრიშავდა“. ალავიზე ამით ორ კურდღელს დაიჭერდა – სკამს შეინარჩუნებდა და „გრეხებიც“ „ჩამოეწერებოდა“. აბა ვინ გაბედავდა უჩა მამაცაშვილის მეგობრის „გასკვანჩვას“ და ზედ ალავიძის მიყოლებას? ვერავინ!
ალავიძემ კი „ჩამოჩოთქა“ „სტრატეგია“, მაგრამ სეთურიძემ როგორც კი გაიგო ალავიძის გეგმის შესახებ, იმ წამსვე მივიდა „სადაც ჯერ არს“ მოითხოვა კალამი და ფურცელი და „დაჯდა წერად“. როგორც ამბობენ, სეთურიძემ ძალიან ბევრი ფურცელი შეავსო, ფაქტებს დოკუმენტები დაურთო თან და შვებით ამოისუნთქა. გამოძიება დაწყებულია, წესით ეს უნდა იცოდეს კვირიკაშვილმაც, მაგრამ „ტაიმერგამორთულ“ პრემიერს, როგორც ჩანს, ქვეყნის ინტერესებზე მაღლა ამჯერადაც კერძო ინტერესი აქვს დაყენებული. აბა სხვას რას უნდა მივაწეროთ 30 მარტს ბრიფინგზე მისი მხრიდან ალავიძის, უნიათო, მაგრამ მაინც, დაცვა?!
კვირიკაშვილი ალავიძეს ყველაფერს აპატიებდა ალბათ, მაგრამ ამ დროს „რინგზე“ გამოვიდა ამერიკის ელჩი. ალავიძის რეალურ და არა გამოცხადებულ გადადგომამდე, რამდენიმე საათით ადრე, სამინისტროში ამერიკის ელჩი მივიდა. დაახლოებით ორი საათი საუბრობდნენ მინისტრი და ელჩი. ელჩის წასვლის შემდეგ მინისტრმა განცხადება დაწერა, რასაც, რეზოლუცია, თუ კვირიკაშვილს დავუჯერებთ, დიდი გაჭირვებით დაადო ალავიძის მეგობარმა. კვირიკაშვილს შეუძლია უარყოს ამერიკის ელჩის სტუმრობა, ან გულში მაინც „შეუკურთხოს“ „თაიმერს“ „ტაიმერის ჩართვისთვის“, მაგრამ ის, რაც ზემოთ წაიკითხეთ 100%-იანი სიმართლეა და თუ საჭირო გახდება მოწმეებიც ალაპარაკდებიან საჯაროდ. შეიძლება დოკუმენტებით ვერ დავადასტუროთ „დარიალ ჰესის“ 15%-იანი წილი ალავიძემ ვის და რატომ უფეშქაშა, მაგრამ დარწმუნებული ვართ კვირიკაშვილმა ამ ნაჩუქრობის შესახებაც იცის დეტალები, ისევე, როგორც ამერიკის ელჩის სტუმრობა ალავიძესთან.

და, ბოლოს, ვინ დახვდება სამინისტროში ახალ მინისტრს?

ვისაც ჭკუა ეყო, ალავიძის „სასტავიდან“, ყველამ დაიხურა ქუდი და არა იმიტომ რომ ალავიძის ერთგულები არიან. არა! მათ იციან რას ნიშნავს „პარაშუტით წასვლა“ – საჭირო დროს, საჭირო მომენტში არეულობიდან თავის დაღწევა. ეგებ გადარჩნენ და ეგებ არ ჩაყვნენ სამარეში ყოფილ „ნაჩალნიკს“, თუ რათქმა უნდა, სეთურიძის „დანოსს“ ვინმე თაროზე დააობებს, მაგრამ განცხადება არ დაუწერია და სკამს ვერ თმობს ალავიძის მარჯვენა ხელი, ვანო ნონიაშვილი.

არქივიდან: „ივანე ნონიაშვილი 2004 წლის აგვისტოდან 2006 წლის ივლისამდე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის საორგანიზაციო განყოფილების უფროსი იყო, შემდეგ კი – ბრიფინგებისა და აკრედიტაციის ორგანიზაციის განყოფილების უფროსი. 2006 წლის ივლისიდან 2009 წლამდე ნონიაშვილი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსად მუშაობდა, ხოლო 2009 წელს მიხეილ სააკაშვილმა იგი აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დანიშნა.

აღსანიშნავია, რომ ნონიაშვილი ერთადერთი კადრი არ არის სააკაშვილის გარემოცვიდან, ვინც ბოლო დღეებში ინფრასტრუქტურის სამინისტროში დაინიშნა. ახალმა მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა და 2012 წელს “ნაციონალურ მოძრობას” 35 000 ლარიც კი შესწირა, პირველ მოადგილედ ასევე სააკაშვილის დროინდელი ჩინოვნიკი – ირაკლი მატკავა დანიშნა. მატკავა “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. ხოლო, 2012 წელის საპარლამენტო არჩევნებიდან 7 დღეში – 9 ოქტომბერს, “საქართველოს რეფორმების ასოციაცია” დააფუძნა. დამფუძნებლებს შორის, მატკავას გარდა, არიან იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე თინა ბურჯალიანი, იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ანდრო გიგაური, შსს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და სასჯელაღსრულების მინისტრის ყოფილი მოადგილე შოთა უტიაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე ელენე ხოშტარია და სხვები. უნდა ითქვას ისიც, რომ აღნიშნული ინფორმაცია, სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მატკავას ბიოგრაფიაში არ წერია“.

როდესაც ნონიაშვილს ჰკითხეს დიკომფორს ხომ არ გრძნობდა „ნაცებიდან“ „ოქნებაში“ განხორციელებული „ზღართანისთვის“, ნონიაშვილმა განაცხადა: „არაფერია განსაკუთრებული. მე ადრეც ვმუშაობდი ოლიმპიურ კომიტეტში. პოლიტიკის ცვლილება არაფერ შუაშია“. ნონიაშვილი ახლაც „არაფერ განსაკუთრებულ“ პოზიციას „აწვება“ და ახალ მინისტრთან გზებს იკვალავს. როგორც „ტაიმერს“ უთხრეს ნონიაშვილი სამინისტროში ხმებს ყრის: მე დავრჩები, ალავიძე თხოვს მაიას და დამტოვებს. არადა, სამინისტროში ყველამ იცის, ნონიაშვილი ალავიძის „სტაჟიანი შუამავალი“ რომ იყო ტენდერებში და იმასაც ამბობენ „დაგს“ (ამბობენ ეს ფირმა შარანგიებისაა) დღემდე რომ დასდევს „გაიმასქნებული“ ტენდერის გამო, დაპირებული „საწევრო“ მოიტანეთო და ისიც იციან „დაგი“ ნონიაშვილს რომ „აწამებს“. მაია ცქიტიშვილი თუ დატოვებს ნონიაშვილს პოსტზე, ეს სიგნალი იქნება იმისა, რომ არც არაფერი შეიცვლება.
აი, ეს არის, მოკლედ, ის რეალური მიზეზი, რის გამოც ალავიძეს პოსტი დაატოვებინეს.

 

ავტორი: ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშიარნოლდ შვარცნეგერს გულის ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
შემდეგი სტატიაევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია პრემიერ მინისტრის პასუხობს