პაპუნა ლოცულაშვილის ძმა გიგლა ლოცულაშვილი განცხადებას ავრცელებს. განცხადება მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.
“მოგესალმებით ყველას ვინაიდან ჩემს ძმას არ გაჩნია სოციალური ქსელი გიზიარებთ ჩემი ძმის აზრს.
დიდი მადლობა ვინც გულწრფელი მხარდაჭერა გამოხატა ჩემდამი. რაც მოხდა საშინელება იყო. მთავარი არის ის, რომ ეს ადამიანები დღეს უკვე დასჯილები არიან. მინდა მივმართო იმ ადამიანებს, ვინც ამ ამბით სათავისოდ გამოყენებას ცდილობს და ჩემი ამბით გამოჩენა უნდა ნუ გამოიყენებთ ჩემს მდგომარეობას თქვენს სასიკეთოდ სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ჩემს ნაცვლად აკეთებს სხვადასხვა პოლიტიკურ განცხადებებს. გთხოვთ, ნურავინ ისაუბრებს ჩემს ნაცვლად და ეს ფაქტი რაც მოხდა მომავალშიც იქნება მაგალითი სხვებისთვის რომ დაუსჯელი არავინ დარჩება , ვინც ასე მოიქცევა.”-წერს გიგლა ლოცულაშვილი.
27 მაისს გორიდან გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ კომბინატის დასახლებაში პოლიციელები მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და დააკავეს. მოგვიანებით პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობაზე გამოძიება დაიწყო. საღამოს კი პირი, ვისზეც პოლიციელებმა იძალადეს – პაპუნა ლოცულაშვილი – დააკავეს.
ამის შემდეგ, რამდენიმე საათში, ლოცულაშვილმა გორის წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა და ის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა. პროკურატურამ 28 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მომხდართან დაკავშირებით 6 პოლიციელი დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. 29 მაისს კი გორის რაიონულმა სასამართლომ ექვსივე პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.















