პაპუაშვილი – ვხედავთ, რომ არის ძალადობრივი სცენარისკენ წაქეზება გარედან, თუ შიგნიდან

ეს არის ჩვეულებრივი გეგმა, ქმნიან გარკვეულ ძალადობრივ ჯგუფებს, რომლებიც შემდეგ პოლიციელებზე ძალადობენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, ერთ-ერთი დაკავებული აღიარებს,რომ მან დააზიანა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე არსებული ავტომობილი.

პაპუაშვილის თქმით, საჯარო განცხადებებიდანაც მოისმინეს, რომ მიდის ადამიანთა ძიება, რომლებიც „ძალადობაზე წამსვლელები არიან“.

„ჩვენ, რიგ შემთხვევაში საჯაროდ და მათ შორის, ბოლო პერიოდში, ზოგიერთი გასაჯაროებული საუბრიდანაც მოვისმინეთ, რომ მიდიოდა ადამიანების პირდაპირ რეკრუტირება და ძიება ადამიანების, რომლებიც მზად იქნებოდნენ წასულიყვნენ ძალადობაზე, ასე რომ, ამაში მე რაიმე გასაკვირს ვერ ვხედავ, მათ შორის, იმის გათვალისწინებით, რომ სხვა წყაროებიდანაც, ბოლო პერიოდში გასაჯაროებული წყაროებიდანაც პირდაპირ ჩანდა, რომ ეძებენ ადამიანებს, რომლებიც ძალადობაზე არიან წამსვლელები. შემდეგ ჩვენ ვნახეთ შედეგი, როგორ წავიდნენ ძალადობაზე, როგორ მოხდა თავდასხმა საქართველოს პარლამენტზე, მათ შორის, ვნახეთ, რომ მოქალაქეებიც იყვნენ ჩართული ამ ძალადობრივ ქცევაში და ეს კიდევ ცალკე საკითხია. როდესაც აქციას ეძახიან ანტირუსულს და შემდეგ შიგნით რუსები არიან, ძალადობენ და თავს ესხმიან საქართველოს პარლამენტს და ძალადობენ პოლიციელებზე, მე მგონი, ეს კიდევ ცალკე დამაფიქრებელია, საერთოდ რასთან გვაქვს საქმე. ამიტომ, ეს არის მთავარი პრობლემა. ჩვენ ვხედავთ, რომ არის ძალადობრივი სცენარისკენ წაქეზება გარედან, თუ შიგნიდან. ვხედავთ, ორგანიზებას, მათ შორის ძალადობრივი ჯგუფების, რომლებიც გეგმურად, მიზანმიმართულად ჩადიან ძალადობას. პარლამენტის შენობასთან სპეციალურად ამტვრევდნენ სამეთვალყურეო კამერებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა და აღნიშნა,რომ ეს არის ჩვეულებრივი გეგმა, ქმნიან გარკვეულ ძალადობრივ ჯგუფებს, რომლებიც შემდეგ პოლიციელებზე ძალადობენ.

ამასთან პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ძალადობის ტალღა რომელიც წამოიწყო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან დაკავშირებულმა NGO-ებმა, აუცილებელია, რომ შეჩერდეს.

„ძალადობის ეს ტალღა გამოიწვია ზუსტად იმან, რომ განსჯის და მსჯელობის ნაცვლად NGO-ების და რადიკალური ოპოზიციის სიმბიოზი გადავიდა ისტერიაში,რომელიც გარედანაც წაქეზებულია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაში(video) სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – კარგი იქნება თუ აშშ-ს კონგრესი დაინტერესდება, რაში ხარჯავს „ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი“ ფულს