პაპუაშვილი – უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადების საფუძველი იყო გეოპოლიტიკური, გადაწყვეტილებაც გეოპოლიტიკაზე უნდა იყოს დაფუძნებული

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მოლოდინშია და ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვედრისას გაუზიარეს შეხედულებები, რატომ უნდა იყოს ევროკავშირის გადაწყვეტილება პოზიტიური.

შალვა პაპუაშვილის თქმით, დარწმუნებულია, ფინეთის მხრიდან ამ მხრივ საქართველოს სრული მხარდაჭერა ექნება.

ამასთან, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მხრიდან განაცხადების საფუძველი იყო გეოპოლიტიკური და გადაწყვეტილებაც სწორედ გეოპოლიტიკაზე უნდა იყოს დაფუძნებული.

„მადლობას ვუხდი სპიკერს ძალიან თბილი მიღებისთვის. ძალიან საინტერესო საუბრები და დისკუსია გვქონდა. სრული სიმპატია გვაქვს ფინეთის მხრიდან ევროკავშირში წევრობაზე ჩვენს განაცხადზე. ახლა მნიშვნელოვანი მომენტია და ჩვენი მოსახლეობა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების მოლოდინშია. ამიტომ, ჩვენ გავუზიარეთ კოლეგებს ჩვენი შეხედულებები იმასთან დაკავშირებით, რატომ უნდა იყოს ეს გადაწყვეტილება პოზიტიური. დარწმუნებული ვარ, რომ ფინეთის მხრიდან ამ მხრივ სრული მხარდაჭერა გვექნება. კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მხრიდან ამ განაცხადების საფუძველი იყო გეოპოლიტიკური და გადაწყვეტილებაც უნდა იყოს სწორედ გეოპოლიტიკაზე დაფუძნებული. ჩვენი მხრივ, ასოცირებულმა ტრიომ – უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ჩვენი ქვეყნები მზად ყოფილიყვნენ ამ განაცხადისთვის, მათ შორის ის დაჩქარებული პროცესი, რომელიც ევროკავშირის მხრიდან იქნა ინიცირებული კითხვებთან და პასუხების ვადებთან დაკავშირებით. სამივე ქვეყანა ვადებში ჩაეტია და ამ კითხვარს სრული პასუხები გასცეს. ამიტომ, ახლა მნიშვნელოვანია, იმ გეოპოლიტიკურ საფუძველს, რომელიც გახდა განაცხადის გაკეთების მთავარი მამოძრავებელი ძალა, სწორედ გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება შეხვდეს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ საბოლოოდ უნდა აწარმოოს მოლაპარაკებები რუსეთთან იმისათვის, რომ კონფლიქტი დასრულდეს
შემდეგი სტატიათიბისი საერთაშორისო კონფერენციაზე ქალთა გაძლიერების შესახებ