პაპუაშვილი – უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი როცა სიტყვით გამოდის ანტისამთავრობო აქციაზე, ესაა ქართველი ხალხის უპატივცემულობა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ანტისამთავრობო აქციაზე უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების გამოსვლა ქართველი ხალხის მიმართ უპატივცემულობაა.

პაპუაშვილის თქმით, ქართველი ხალხი ბალტიის ქვეყნებისგან, ლიეტუველი და ესტონელი ხელისუფლებისგან უპატივცემულობას არანაირად არ იმსახურებს.

„ცალკე სკანდალი და ქართველი ხალხის უპატივცემულობაა, როდესაც უცხო ქვეყნის პოლიტიკოსები გამოდიან ანტისამთავრობო მიტინგზე და მონაწილეობენ ანტისამთავრობო აქციებში. ქართველი ხალხის ღია, უხეში უპატივცემულობაა, როდესაც მისი არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზე გამოდის უცხოელი პოლიტიკოსი. წინა დღეს როცა საქმე გვქონდა პარლამენტის წევრებთან, რომლებიც აქციაზე იმყოფებოდნენ, იქ გამართლება ჰქონდათ, მათ შორის მინისტრებთანაც ვისაუბრე ამაზე, გამართლება იყო, რომ პოლიტიკოსები არიან, თავისუფალი მანდატი აქვთ და სახელმწიფო მათზე რაიმე გავლენას ვერ მოახდენს. მაგრამ როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით გამოდის ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზე, ეს არის ქართველი ხალხის უპატივცემულობა, რასაც ქართველი ხალხი ვისგან, მაგრამ ბალტიის ქვეყნებისგან, ლიეტუველი და ესტონელი ხელისუფლებისგან ამას არანაირად არ იმსახურებს.

ჩვენ დამოუკიდებლობის მოპოვების დროს, სწორედ ბალტიელებთან ერთად ვიბრძოდით დამოუკიდებლობისთვის. გახსოვთ, მაშინ როგორი სოლიდარობა იყო ჩვენი მხრიდან მათ მიმართ. ლიეტუველი და ესტონელი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ქართველი ხალხის მიმართ ასეთი დამოკიდებულება არის ძალიან ცუდი, არასწორი და ,სამწუხაროდ, ჩვენი საერთო ისტორიის მივიწყება. ეს მიტინგი იყო ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო, ანტისამთავრობო მიტინიგი. აქ როდესაც გამოდის უცხო ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენელი, ეს არის ზუსტად ქართველი ხალხის უპატივცემულობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი – ევროკავშირი არის თანასწორთა გაერთიანება და ნებისმიერი დამოკიდებულება, რადგან ჩვენ გეუბნებით, ეს ასე უნდა იყოს, არის არასწორი, ქართველი ხალხი ამას არ იმსახურებს
შემდეგი სტატიაფავლენიშვილი – „ნაციონალური მოძრაობა“ ეროვნულ ინტერესს პირად ინტერესზე მაღლა აყენებს