პაპუაშვილი – სინამდვილეში, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

სინამდვილეში, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, მაგრამ სამი ტელეკომპანია ცდილობს აჩვენოს, თითქოს არის აჟიოტაჟი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მთელი დღის განმავლობაში მედიაში სრული ისტერიაა. პაპუაშვილის განცხადებით, ზოგიერთ მედიასაშუალებას უნდა ისე წარმოადგინოს, თითქოს უბნებთან დაძაბულობაა, სინამდვილეში კი, ვხედავთ კომიკურ სიტუაციებს.

„ჯერ კიდევ მიმდინარეობს ე.წ. ორ პირადობის მოწმობაზე დეზინფორმაციის მოწყობა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყალბი საინფორმაციო კამპანია აწარმოა, თითქოს ორი პირადობის მოწმობა, რომელიც დააფიქსირეს, მიანიშნებდა არჩევნების გაყალბებაზე. ამაზე განმარტება იუსტიციის სამინისტრომ გააკეთა – ადამიანმა გვარი შეიცვალა და ვინაიდან, ეს მოხდა ცესკო-სთვის 15 სექტემბერს სიების გადაცემის შემდეგ, ეს ადამიანი ძველი გვარით ფიქსირდებოდა. ძველი პირადი ნომერია, ზოგიერთმა მედიამ ეს ინფორმაცია გადაამოწმა და ეს ადამიანი სიაში ორად არ ფიქსირდება. ამ განმარტების მიუხედავად, ტელეკომპანიები და ოპოზიცია აქტიურ კამპანიას აწარმოებენ, თითქოს, ეს არის რაღაც დარღვევა.

პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს მივმართავ, რადგან სახეზე გვაქვს პირადი ინფორმაციის დარღვევა და ამაზე რეაგირება ჰქონდეს. მედიასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ მივმართავ, სპეკულაციები შეწყვიტოს, რადგან ეს არის არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობა. მთელი დღის განმავლობაში, მედიაში არის სრული ისტერია. სურთ, სურათი წარმოადგინონ, თითქოს უბნებთან არის დაძაბულობა, სინამდვილეში, ჩვენ ვხედავთ კომიკურ სიტუაციებს. ხანდახან კი, ჩვენს წარმომადგენლებს საქმიანობაში მიზანმიმართულად ხელს უშლიან. ვითარების ისე წარმოჩენა ხდება, თითქოს მეორე ტურზე მეორედ მოსვლაა, მაგრამ ვნახეთ, ერთ-ერთ უბანზე, გლდანში, როგორ აედევნენ ქალბატონს, თითქოს ადამიანმა ორჯერ მისცა ხმა. 1 800 საარჩევნო უბნიდან ინციდენტი ხუთ უბანზე იყო. ერთი მძიმე ინციდენტი იყო ზუგდიდში, ნაციონალების პროვოკატორები გამოირჩეოდნენ პროვოკაციებით. სინამდვილეში, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიდის, მაგრამ სამი ტელეკომპანია ცდილობს აჩვენოს, თითქოს არის აჟიოტაჟი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგვარამია: “მთავარი არხის” ეგზიტპოლის ჩატარებაში მწარმოებლებს ხელს უშლიან
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – წინასაარჩევნო კვლევების გაყალბების შემდეგ ეგზიტპოლების კუსტარულ პირობებში ჩატარება დააპირეს