პაპუაშვილი – სასაცილოა საუბარი, თითქოს სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე ან მიხეილ ყაველაშვილი შეიძლება, იყვნენ ანტიევროპულები, თუმცა ჩვენი ოპონენტებისგან ეს გასაკვირი არ არის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გულდასაწყვეტია სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის გადაწყვეტილება პარტია „ქართული ოცნების“ დატოვების შესახებ.

თუმცა, პაპუაშვილის თქმით, აღნიშნულმა დეპუტატებმა ახსნეს, რომ სურთ, მეტი ისაუბრონ საზოგადოებასთან და ეს არის მათი გადაწყვეტილება.

ამასთან, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ სასაცილოა ოპონენტების განცხადებები სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძისა და მიხეილ ყაველაშვილის ანტიევროპულობაზე.

„საერთო ჯამში, უკვე თავად განაცხადეს და იყო საუბარი მათი გადაწყვეტილების შესახებ, რომ გავიდნენ „ქართული ოცნებიდან“. მათ შორის, ვნახეთ, რომ გუშინ გამოაქვეყნეს ერთობლივი წერილი და კომენტარებიც ჰქონდათ ამასთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია ჩვენი გუნდისთვის, თუმცა მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს და ახსნეს კიდეც, რომ სურთ, უფრო მეტი ისაუბრონ საზოგადოებასთან, ეს არის მათი გადაწყვეტილება. აქ არის ორი საკითხი. რა თქმა უნდა, სასაცილოა იმაზე საუბარი, თითქოს სოზარ სუბარი, თუნდაც დიმიტრი ხუნდაძე ან მიხეილ ყაველაშვილი შეიძლება, იყვნენ ანტიევროპულები, სასაცილოა, თუმცა ჩვენი ოპონენტების მხრიდან გასაკვირი არ არის. არა მხოლოდ ამ სამ ადამიანზე, ოპონენტების კომუნიკაციის მთელი პოლიტიკა აწყობილია იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას დააბრალონ ანტიევროპულობა და პრორუსულობა, ეს ხომ ახალი არ არის. ბოლო ათი წელია, გვესმის. ამიტომ რაიმე განსაკუთრებული არ არის იმაში, რომ ამ სამი ადამიანის მიმართ ასეთი შეფასებები წამოვიდა, განსაკუთრებული არის ის, რომ ამხელა სიძულვილის ტალღის გამოწვევას ცდილობენ, ნაცვლად იმისა, რომ თუ რამე სათქმელი აქვთ, ამ სათქმელთან დაკავშირებით ჰქონდეთ პოზიცია“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, „სამივე ლიდერი 2012 წლიდან მოდის „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, რა აქვთ ისეთი სათქმელი, რაც, როგორც თავად ამბობენ, ამ დრომდე სიმართლის სახით ვერ უთხრეს ამომრჩეველს? ოპონენტების თქმით, ეს არის პოლიტიკური ტრიუკი, იქნება თუ არა მათი მხრიდან ამის შემდეგ რაიმე სიურპრიზები მოსალოდნელი?“, – შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ განცხადებების შინაარსის კომენტირებას არ აპირებს.

„ვერ გეტყვით, თქვენ თავად თქვით, რომ არიან მათ შორის „ქართული ოცნების“ დამფუძნებლები და წლებია, „ქართული ოცნების“ გუნდის წევრები, მათ შორის ლიდერები არიან. მე თავისთავად ახალი ვარ ამ გუნდში და თავად იტყვიან, რა აქვთ სათქმელი და რა – არა. რაც შეეხება მათ განცხადებებს, მე არ ვაპირებ ამ განცხადებების კომენტირებას, არანაირ შინაარსში შესვლას, რადგან მათი განცხადებები და მათი სათქმელია, შინაარსის კომენტირებას არ ვაპირებ. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადამიანები გავიდნენ გუნდიდან და ნებისმიერი კომენტირება, საერთოდ შინაარსში შესვლა ამ საკითხთან დაკავშირებით იქნებოდა დადასტურება ან უარყოფა, შინაარსობრივად კომენტირებას არ ვაპირებ.

რაც შეეხება იმ კონკრეტულ საკითხს, რომელიც ეხებოდა პრეზიდენტის წლიური მოხსენების ჩანიშვნას, აქაც შინაარსში არ შევალ, მაგრამ ის, რომ თარიღი შეუთანხმებელი იყო პარლამენტთან, ეს საჯაროდ ყველამ იცის. სწორედ ამიტომაც, მაშინ ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება და არ ჩანიშნა სხდომა, ვინაიდან არ იყო წინასწარ შეთანხმებული თარიღი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არ ვაპირებ შინაარსობრივად ამ განცხადებების კომენტირებას, თავად განცხადების ავტორები შეძლებენ ამის ახსნას, დასაბუთებას, თუ ასე შემდეგ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითსუ-ში „შინ ევროპისკენ“ კამპანიის მონაწილეებს ფიზიკურად დაპურისპირდნენ
შემდეგი სტატიაბრიტანეთის თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი – ბრიტანეთში გათეთრებული რუსული „ბინძური ფული“ კვლავ აფინანსებს რუსეთის ომს