პაპუაშვილი – სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპონენტები საბოლოოდ გაემიჯნენ დემოკრატიულ პროცესებს

region
ავტ.: region ნოემბერი 21, 2020 16:02

პაპუაშვილი – სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპონენტები საბოლოოდ გაემიჯნენ დემოკრატიულ პროცესებს

სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპონენტები საბოლოოდ გაემიჯნენ დემოკრატიულ პროცესებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის ბოიკოტთან დაკავშირებით განაცხადა.

პაპუაშვილი როგორც „ქართული ოცნების“, ასევე ოპოზიციის მხარდამჭერებს მოუწოდებს, მივიდნენ არჩევნებზე და დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი.

„სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპონენტები საბოლოოდ გაემიჯნენ დემოკრატიულ პროცესებს, რასაც ჰქვია არჩევნები და არ იღებენ მონაწილეობას მეორე ტურში, ყოველ შემთხვევაში ოფიციალური განცხადებების დონეზე. სამწუხაროა, რომ ოპოზიცია არადემოკრატიულ მეთოდებზე გადავიდა. ამის მიუხედავად, ჩვენს ამომრჩევლებს მოვუწოდებთ, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და დააფიქსირონ თავიანთი არჩევანი. ასევე, მოვუწოდებთ, ჩვენი ოპონენტების ამომრჩევლებსაც, რომ ის უფლება, რომლის შეზღუდვასაც ცდილობენ მათი რჩეულები, თავად აიღონ საკუთარ ხელში და გააგონონ საკუთარი ხმა რჩეულ პარტიებს.

რაც შეეხება იმას, უქმნის თუ არა ეს დისკომფორტს საერთო სიტუაციას, ჩემი შეფასებით, ეს პირველ რიგში, დისკომფორტს უქმნის თავად ამ პარტიებს, რადგან არაერთხელ მოვისმინეთ ჩვენი უცხოელი პარტნიორების შეფასება, რომ ეს არის უმწიფარი დემოკრატიის ნიშანი, როდესაც ასე, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ხდება დემოკრატიული პროცესის ბოიკოტირება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

region
ავტ.: region ნოემბერი 21, 2020 16:02