პაპუაშვილი – რასაც ჩვენ უკრაინაში ვხედავდით, ეს შეიცავს ომის დანაშაულების ნიშნებს – ეს სურათები გვახსოვს 1990-იანი წლებიდან, 2008 წლიდან, ჩვენთვის ეს ნაცნობია და გარკვეულწილად საქართველოში ნანახი ტრაგედია გააღვიძა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ის, რაც საპარლამენტო დელეგაციამ უკრაინაში ნახა, ომის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს. ამის შესახებ პაპუაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, ირპენსა და ბუჩაში ნანახი არის თუ არა გენოციდი.

მისი განმარტებით, უნდა მოხდეს ყველაფრის სამართლებრივი დოკუმენტირება.

„რა თქმა უნდა, ის, რაც ვნახეთ საზარელია. მე იქაც აღვნიშნე, რომ სამწუხაროდ, საზარელთან ერთად ქართველებისთვის ეს არ არის პირველი, როდესაც ჩვენ ასეთი სურათები ვნახეთ. ჩვენ, ეს სურათები გვახსოვს 1990-იანი წლებიდან, გვახსოვს 2008 წლიდან, ჩვენთვის ეს ნაცნობია და გარკვეულწილად საქართველოში ნანახი ტრაგედია გააღვიძა. მე ჩემს კოლეგასთანაც მქონდა საუბარი, მნიშვნელოვანია და სწორედ ეს არის განსაკუთრებული, რასაც უკრაინის ხელისუფლება აკეთებს. სამწუხაროდ, თავის დროზე, 1990-იან წლებში არ იყოს ამის საშუალება, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია ამის სამართლებრივი დოკუმენტირება. როდესაც ვიყავით ბუჩაში, სადაც სამარხია იქ, უცხოელი ექსპერტები მუშაობენ, მათ შორის, ფრანგი კრიმინალისტები, რომლებიც ზოგადად, გარემოს ექსპერტიზას აკეთებენ. ახლა, ეს არის ყველაზე მთავარი. მთავარი ახლა არის არა განცხადებები, კომენტარები, პოლიტიკური შეფასებები, არამედ სამართლებრივი შეფასებები. ამიტომაც, კოლეგასთანაც მქონდა ამაზე საუბარი, რომ ჰააგის სასამართლო არის სწორედ ის ინსტანცია, სადაც ახლა უნდა მოხდეს ყველა დოკუმენტაციის დამაგრება, ამ დოკუმენტაციის სამართლებრივი შექმნა და შემდეგ გადაწყვეტილების მიღება. ერთი დღით ადრე, სანამ ჩვენ ჩავიდოდით ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორი იყო ჩასული. ამ კუთხითაც იცით, რომ ჰააგის სასამართლოსთან ურთიერთობის გამოცდილება გვაქვს და ყველანაირად შეგვიძლია დავეხმაროთ. მოკლედ, მთავარი არის ის, რომ ამ ყველაფერს უნდა მიეცეს შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, რასაც ჩვენ იქ ვხედავდით ეს შეიცავს ომის დანაშაულების ნიშნებს. ფაქტია, ის, რაც ჩვენ ვნახეთ, დაწყებული სამოქალაქო შენობების დაზიანებით, სამოქალაქო პირებში ადამიანური მსხვერპლი, ყველაფერი ეს სამართლებრივ შეფასებას საჭიროებს. აქ ყველა უნდა იყოს ჩართული, რომ მოხდეს ყველაფრის სამართლებრივი დოკუმენტირება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი – „ნაციონალური მოძრაობა” და მიხეილ სააკაშვილი არანაირად არ ყოფილა განხილვის საკითხი უკრაინაში
შემდეგი სტატიაგერმანიაში რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამართლების გამო ათეულობით საქმეა აღძრული