პაპუაშვილი – ქართველი ხალხი ევროპული ღირებულებების ერთგულია, თუმცა ზოგი ევროპელი პოლიტიკოსი აცდენილია ევროპულ ბიუროკრატიას

ქართველი ხალხი ევროპული ღირებულებების ერთგულია, თუმცა ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი აცდენილია ევროპულ ბიუროკრატიას იმით, რომ იფარებს ადეიშვილს, იფარებს კეზერაშვილს, იფარებდა სააკაშვილს – მთელი ქართული კრიმინალური კლანი პოლიტიკოსებისა, თავს აფარებდა, ან აფარებს ევროპულ სივრცეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „დღეს, ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი, დიპლომატი, თუ პოლიტიკოსი მორალური პედესტალებიდან ღირებულებზე გველაპარაკება“.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ერთადერთი აგენტურა, სადაც ვხედავთ, ეს არის ოპოზიციაში.

„ჩვენ გვყავს ოპოზიციაში ხალხი, რომლებიც ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის მარიონეტები არიან დღემდე. ზურაბ ადეიშვილი არის კრიმინალი, რომელიც ევროკავშირში თავისუფლად გადაადგილდება, ევროკომისიის კორიდორებში “დაიარება” და ხვდება იმ ხალხს, რომლებიც შემდეგ აქ ჩვენ ჭკუას გვასწავლის, რა არის მართლმსაჯულება და დამოუკიდებლობა. სირცხვილია, როდესაც ზურაბ ადეიშვილისთვის კარი ღიაა ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტში. რა უშლის ხელს ევროკავშირს რომ გადმოგვცეს კრიმინალი ადეიშვილი, რა უშლის ხელს ევროკავშირს რომ გადმოგვცეს კრიმინალი კეზერაშვილი და რატომ ჰქონდა თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილებულიყო და იქიდან ეფათურებინა ხელი როგორც უკრაინის მოქალაქეს საქართველოს პოლიტიკაში?“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება გენერალური პროკურორის თანამდებობაზე გიორგი გაბიტაშვილის არჩევის საკითხს – როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, მმართველ გუნდს მის მიმართ პოზიტიური განწყობა აქვს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, პროკურატურის სისტემა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კონსტიტუციური ორგანოა საქართველოში.

„საქართველოს პროკურატურის სისტემა და პროკურორები იმსახურებენ მხოლოდ შექებას და მადლობას ქართველი ხალხისგან და საქართველოს პარლამენტისგან. რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კანდიდატურაზე, რომელიც ამ სისტემაში გენერალური პროკურორის მოადგილე იყო, თავისთავად ეს წარმატებები მისი თანამონაწილეობითაც ხდებოდა და თავისთავად, ბუნებრივიც არის, რომ პოზიტიური განწყობა გვაქვს ამ კანდიდატის მიმართ”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

banner
წინა სტატიაშიგამოწვევაა გირაოსა და პატიმრობის დაუსაბუთებლად/არასათანადო დასაბუთებით გამოყენება – საიას ანგარიში
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – ტრამპზე მსროლელიც თინეიჯერი იყო, რადიკალური ქმედებებისთვის ცდილობენ ახალგაზრდების გამოყენებას