პაპუაშვილი: ქართულმა მართლმსაჯულებამ დაადგინოს, ვინ იყო ადამიანი, ვინც გაბედა და „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა ცოცხალ ადამიანს

სალომე ზურაბიშვილი სრულად გასულია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, შეუძლებელია განჭვრეტა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსევს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, 7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მხარდაჭერით, საქართველოს პრეზიდენტს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ერთი რამ არის ქართველი ხალხის ინტერესში, ქართულმა მართლმსაჯულებამ დაადგინოს, ვინ იყო ადამიანი, ვინც გაბედა და „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა ცოცხალ ადამიანს.

„ჯერ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, მნიშვნელოვანია, სასამართლოს მივცეთ შესაძლებლობა, დაადგინოს ან არ დაადგინოს ბრალეულობა პირის. მგონი, ქართველი ხალხი იმსახურებს იმის გაგებას, ვინ იყო იყო ის ადამიანი, ვინც, საქართველოს ისტორიაში პირველად, „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა ცოცხალ ადამიანს და წვავდა. ამ კითხვაზე პასუხი უნდა გასცეს საქართველოს სასამართლომ. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, ჯერ მართლმსაჯულების აღსრულება მოვისმინოთ, რას იტყვის მართლმსაჯულება ამ საქმესთან დაკავშირებით.

ზოგადად, მე არ მაქვს მოლოდინები ამ საქმეზე სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, ვინაიდან მან კონსტიტუცია დაარღვია, არათუ შეწყალებები. ის სრულად გასულია კონსტიტუციური ჩარჩოებისგან, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია. ერთი რამ არის ქართველი ხალხის ინტერესში, ქართულმა მართლმსაჯულებამ დაადგინოს, ვინ იყო ის ადამიანი, ვინც გაბედა საქართველოს ისტორიაში პირველად და ცეცხლი წაუკიდა ცოცხალ ადამიანს, „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა. ეს სიმართლე უნდა იცოდეს, ამას იმსახურებს ქართველი ხალხი. მართლმსაჯულების აღსრულებამდე ამაში ჩარევა იქნება ხელის შეშლა იმისთვის, რომ ქართველმა ხალხმა გაიგოს და დაადგინოს, რა არის სიმართლე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობა“ პარტიისა და მიხეილ სააკაშვილის 23 ნოემბრის მანიფესტს აქვეყნებს
შემდეგი სტატიავლადიმერ პუტინი უკრაინაში ომზე – უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ შევაჩეროთ ეს ტრაგედია