პაპუაშვილი – ოპოზიციის წარმომადგენლებმა ახალ მწვერვალს მიაღწიეს, საკუთარ საკითხს, ინტერპელაციას გამოუცხადეს ბოიკოტი

საპარლამენტო ოპოზიციის წევრების მიერ გამოცხადებული ბოიკოტის გამო, პარლამენტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს ინტერპელაციის წესით 31 მაისს აღარ მოუსმენს. ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, როგორც ჩანს, ოპოზიციის წარმომადგენლებმა საკუთარ ინტერპელაციასაც ბოიკოტი გამოუცხადეს.

„პლენარული სხდომების განსახილველ საკითხებში ჩვენ გვქონდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინტერპელაცია, რომელიც ბახმაროს საკითხს შეეხებოდა. ინტერპელაციის მომართვა დეპუტატების შვიდკაციანი ჯგუფის მიერ მომზადდა, მაგრამ ვინაიდან მათ ბოიკოტი გამოაცხადეს, როგორც ჩანს, საკუთარ ინტერპელაციასაც ბოიკოტი გამოუცხადეს და ის არ შედგება. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს საპარლამენტო მუშაობასთან თუ რა დამოკიდებულება აქვთ, მათ შორის მოსახლეობის ინტერესებთანაც, რომელსაც ისინი თითქოსდა წარმოადგენენ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა რეგლამენტი და ბოიკოტის გამოცხადების პროცედურა.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ბოიკოტი მოქმედებს და შეიძლება, გამოცხადდეს საკითხის განხილვასთან დაკავშირებით. საპარლამენტო საქმიანობისთვის, პლენარული სხდომისთვის ბოიკოტის გამოცხადება, ეს ოპოზიციის გარკვეული ტრადიციაა და ახლა საერთოდ ახალ მწვერვალს მიაღწიეს – საკუთარ საკითხს, ინტერპელაციას გამოუცხადეს ბოიკოტი. მათ მიერ დაყენებულ საკითხს, რომ მინისტრი მოსულიყო და „კრიტიკის ქარცეცხლში“ უნდა გაეტარებინათ, ამ საკითხს გამოუცხადეს ბოიკოტი. ეს მგონი, მსოფლიო საპარლამენტო ისტორიისთვის უნიკალური შემთხვევაა, მაგრამ რა ვქნათ? ასეთ მდგომარეობაშია დღეისათვის ოპოზიცია და ამ ყველაფრისთვის, რა თქმა უნდა, 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებისგან სასტიკ პასუხს მიიღებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე – ჩვენ ვართ მონები და 50-100 ლარის გამო სასტვენი რომ უკავიათ, ის თავისუფალი ადამიანია?
შემდეგი სტატიაგეგელია – ელჩზე თავდასხმა არის გერმანიის რესპუბლიკაზე თავდასხმა