პაპუაშვილი – ოპოზიციის გეგმა მეორე ტურისთვისაც არ შეცვლილა და წარმოადგენს არა არჩევნებისთვის მზადებას, არამედ სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობით სპეკულირებას

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციის გეგმა მეორე ტურისთვისაც არ შეცვლილა და წარმოადგენს არა არჩევნებისთვის მზადებას, არამედ მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობით სპეკულირებას.

მისივე განმარტებით, მოსალოდნელია, რომ არჩევნებამდე დარჩენილი დღეების განმავლობაში და არჩევნების დღეს ოპოზიცია მაქსიმალურად ეცდება სააკაშვილის თემით საზოგადოების დაზაფვრას და სხვადასხვა სახის პროვოკაციების მოწყობას.

„2 ოქტომბრის არჩევნებამდე ჩვენ ვაცხადებდით, რომ ოპოზიცია არა 2 ოქტომბრისთვის და არჩევნებისთვის, არამედ 3 ოქტომბრისთვის და არეულობისთვის ემზადებოდა. ეს ჩვენი ვარაუდი გამართლდა. ჩვენ ვნახეთ, თუ რა იყო ოპოზიციის რეალური გეგმა და ამ გეგმას ერქვა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა და მისი თაოსნობით ქვეყანაში დაპირისპირებისა და არეულობის მოწყობა. თუმცა, შესაბამისი სამსახურების მიერ მიხეილ სააკაშვილის დაკავებამ ეს გეგმა ჩაშალა.

დღესაც, თუკი მათ კამპანიას მოვაცილებთ სრულად პოპულისტურ სატყუარებს, რომლებსაც არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ყალბი გაერთიანების დაანონსებით და ყალბი დაპირებების სახით გასცემენ, დავინახავთ, რომ მათი მთავარი გეგმა კვლავ მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება. დღესაც, მათი გეგმა არის არა 30 ოქტომბრის მეორე ტურისთვის მზადება, არამედ, მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობით სპეკულირება. ამიტომ მოსალოდნელია, რომ არჩევნებამდე დარჩენილი დღეების განმავლობაში და არჩევნების დღეს მაქსიმალურად ეცდებიან ამ თემით საზოგადოების დაზაფვრას და სხვადასხვა სახის პროვოკაციების მოწყობას.

თუმცა, ისევე როგორც 2 ოქტომბერს, ამ ჯერზეც ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად, მათ ამ გეგმების განხორციელების შესაძლებლობას არ მივცემთ.

ქართველ ხალს არ უნდა ქაოსი, რადიკალური პოლიტიკური დღის წესრიგი და წარსულში დაბრუნება, არამედ მშვიდობიანი, პროგრესზე ორიენტირებული და ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული განვითარება.

ამიტომ, მოვუწოდებ ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეროვნული ღირებულებები, ღირსება, თავისუფლება, მშვიდობა და განვითარება, შევიკრიბოთ ხვალ, 27 ოქტომბერს, 17:00 საათზე თავისუფლების მოედანზე და გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე,“- განაცხადა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვამ ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიატიკარაძე – სავალდებულო ვაქცინაციას ბევრად უფრო მეტი ნეგატიური პროცესები მოჰყვება, რომელიც ვაქცინაციის პროცესს ხელს შეუშლის