პაპუაშვილი ოპოზიციას – თუ გინდათ, ვითანამშრომლოთ, თქვენგან შემხვედრი ნაბიჯი იქნება, რომ ამ თანამდებობაზე ჩემს კანდიდატურას მხარი დაუჭიროთ

თუ თქვენი გულწრფელი სურვილია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ყველას თავმჯდომარე იყოს, გულწრფელი იყავით მაშინაც, როდესაც ახლა გადაწყვეტილებას მიიღებთ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით – თუ გინდათ, ვითანამშრომლოთ, თქვენგან შემხვედრი ნაბიჯი იქნება, რომ ამ თანამდებობაზე ჩემს კანდიდატურას მხარი დაუჭიროთ,- ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, სადაც მისი არჩევის პროცედურა მიმდინარეობს.

როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, პარლამენტის თავმჯდომარეობა თავისთავად ნიშნავს, რომ პარლამენტის საქმის გაძღოლაში თავმჯდომარე სამართლიანი იყოს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ „ქართული ოცნების“ გუნდის წევრია, აქვს პასუხისმგებლობა, მმართველი პარტიის საარჩევნო პროგრამა განხორციელდეს.

„პარლამენტის თავმჯდომარეობა თავისთავად ნიშნავს იმას, რომ სხდომათა დარბაზში პარლამენტის საქმის გაძღოლაში თავმჯდომარე იყოს სამართლიანი და ასე უდგებოდეს თითოეულ დეპუტატს. რა თქმა უნდა, მე ამავე დროს ვარ „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და მაქვს პასუხისმგებლობა ამომრჩევლების წინაშე, რომ განვახორციელოთ ის პროგრამა, რომელიც საარჩევნოდ „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა სამსჯავროზე გამოტანილი 2020 წელს, ამიტომ ეს არის ის პასუხისმგებლობა, რომლითაც ვმოქმედებთ და ის ვალდებულება, რაც აღებული გვაქვს. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, სად შეიძლება ითანამშრომლოს ოპოზიციამ და უმრავლესობამ – დემოკრატია თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ხალხი მანდატს აძლევს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას და როდესაც პოლიტიკურ ძალას უმრავლესობა აქვს, მის საარჩევნო პროგრამას ხალხი აძლევს მანდატს, რომ ის განხორციელდეს. ეს არის ვალდებულება ხალხის წინაშე. ეს არის ის კალაპოტი, რომელსაც ხალხმა მხარი დაუჭირა. ამ კალაპოტს შესაძლოა სხვადასხვა შენაკადი ჰქონდეს. აქ ოპოზიციასთან თანამშრომლობა იგულისხმება და იდეები, რომლებიც თქვენგან წამოვა და წამოსულა კიდეც. არის წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება. ეს კალაპოტი შეიძლება ყოველთვის შეივსოს და ვფიქრობ, ეს არის როლი, რომელიც ოპოზიციამ შეიძლება შეასრულოს, რათა გაამდიდროს ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება. თუმცა ამავე დროს, ეს კალაპოტი, რა თქმა უნდა ვერ შეიცვლება. ეს ხალხის ნებაა და ამას ვერ გადავუხვევთ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიადამიანის შემოთავაზება თავმჯდომარედ, რომელსაც არ ჰყოფნის თავშეკავება, ფიზიკურად არ იძალადოს კოლეგაზე, შეურაცხყოფაა – სამადაშვილი პაპუაშვილზე
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს