პაპუაშვილი – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უკვე მერვე არჩევნები წააგო და არც ერთხელ არ უღიარებია, რომ ქართველმა ხალხმა ოპოზიციის ფუნქცია მიენიჭა და არა ხელისუფლების მანდატი

მიზანი თუ პოლიტიკური დუღილის ტემპერატურის დაწევაა, რთულია წინაპირობების გარეშე საუბარი, როდესაც გყავს პოლიტიკური ძალა, რომელიც ხალხის ნებას არ აღიარებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრობლემაა ის, რომ 2012 წლიდან მოყოლებული „ნაციონალურ მოძრაობას“ არც ერთ არჩევნებზე არ არ უღიარებია, რომ ქართველმა ხალხმა მათ ოპოზიციის ფუნქცია მიენიჭა და არა ხელისუფლების მანდატი.

„რაც შეეხება ტერმინს – შერიგებას, პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ ეს ტერმინი ალბათ, არ შეესაბამება იმ პროცესს, რომელზეც პრეზიდენტი საუბრობს და საჭიროა, ალბათ, უფრო სხვა ტერმინის გამოყენება. თუკი შერიგებაზეა საუბარი, ერთადერთი ვისაც სჭირდება შერიგება, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც უნდა შეურიგდეს ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს. ეს არის გრძელვადიანი პოლიტიკური ტემპერატურის დაწევისკენ მიმართული პროცესი. აქედან გამომდინარე, წინასწარ საუბარი იმაზე, თუ რა შედეგი უნდა იყოს და როგორი პროცესი იქნება, რთულია. საკითხი იმ მხრივ არის მარტივი, რომ ჩვენ ცხრა წელია, ვაკვირდებით რაში მდგომარეობს მთავარი პრობლემა. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ამ ქვეყანაში ერთი პოლიტიკური ძალა და მასთან არსებული პოლიტიკური ძალები არ აღიარებენ დემოკრატიას, ანუ ხალხის ნებას. მერვე არჩევნები წააგო უკვე „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ის ვერ ეგუება ამას და არ აღიარეს არცერთი არჩევნები. ზოგჯერ კი შედიოდნენ პარლამენტში და საკრებულოში, მაგრამ სინამდვილეში, მათ არც ერთ მომენტში, 2012 წლიდან მოყოლებული, არ უღიარებიათ, რომ ქართველმა ხალხმა მათ ოპოზიციის ფუნქცია მიენიჭა და არა ხელისუფლების მანდატი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, მეორე პრობლემა არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ აღიარებს კანონის ნებას, რადგან არც ერთი სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც პირადად მათ და მათ პოლიტიკურ ლიდერებს ეხებოდათ, არ უღიარებიათ.

„მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში საზოგადოებისთვის ცხადია, რომ მან ხელი დააფარა სანდრო გირგვლიანის მკვლელებს და სტრასბურგის სასამართლომაც თქვა. საზოგადოებისთვის ცხადია, რომ ის იყო მონაწილე ვალერი გელაშვილის ცემის ორგანიზების და ბევრი რამ ცხადია მიმდინარე სასამართლო პროცესებიდან, რომელზეც სხვადასხვა სახის ქვითრებს თუ ანგარიშებს ვხედავთ. სინამდვილეში პრობლემა მარტივი გადასაწყვეტია. საჭიროა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აღიაროს ხალხის და კანონის ნება აღიაროს, მაგრამ რთულია იმ კუთხით, რომ ეს პრობლემა ცნობილია ბოლო ცხრა წელია და სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ რთულია „ნაციონალური მოძრაობისგან“ გქონდეს მოლოდინი, რომ ისინი ასეთ ჭეშმარიტ და ქვეყნისთვის საბაზისო მოცემულობას აღიარებენ. საუბარს წინაპირობები არ სჭირდება. საუბარი მთავარი პრობლემა არ არის. მიზანი თუკი პოლიტიკური დუღილის ტემპერატურის დაწევაა, ამისთვის რთულია წინაპირობების გარეშე საუბარი, როდესაც გყავს პოლიტიკური ძალა, რომელიც ხალხის ნებას არ აღიარებს. რამ უნდა მოიტანოს შედეგი, სწორედ ამაზე საუბრობდა სავარაუდოდ პრეზიდენტი, რომელიც ამბობდა, რომ ეს დასაწყისია. ის ასევე საუბრობდა იმაზე, რომ უნდა მოხდეს წარსული გააზრება. ეს არის სწორედ მინიშნება იმაზე, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეალობას თვალებში უნდა ჩახედოს და უნდა გაიაზროს ის წარსული, რომელიც აქვს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიაზარტული თამაშების კანონის განხილვის სხდომა მედიამენეჯერებმა დატოვეს
შემდეგი სტატიაფოტოფაქტი – ჩასარიცხი აპარატი მოსახლეობამ ჩხოროწყუში ხეზე ჯაჭვით მიაბა