პაპუაშვილი – ლოგიკა გვკარნახობს, რომ კუჭავას წინააღმდეგი ჩვენი ყოფილი 6 თანაგუნდელი იყო

“გუშინ, პარლამენტის თავმჯდომარედ, კახა კუჭავას არჩევას მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი იყო 6. ოპოზიციიდან მას მხარდაჭერა გამოუცხადეს „მოქალაქეებმა“ და „ევროპელმა სოციალისტებმა“. კენჭისყრა ფარული იყო და საჯარო არ არის, ვინ იყო ის 6 წინააღმდეგი, თუმცა დარბაზში მყოფთა სია და ლოგიკა გვკარნახობს, რომ ეს 6, ჩვენი ყოფილი თანაგუნდელია.

სამწუხაროა, რომ მათ პირველივე პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში ორი მძიმე შეცდომა დაუშვეს:

ადამიანური – სულ რაღაც 14 დღის წინ, ისინი ჩვენთან ერთად იყვნენ და კახასაც ძალიან კარგად იცნობენ. ორი ოპოზიციური პარტიისგან კახა კუჭავას მხარდაჭერის ფონზე, მძიმეა იმის ნახვა, რომ, სულ რაღაც, ორი კვირის წინ, ფიზიკურადაც და ადამიანურადაც, შენს გვერდში მყოფები, უბრალოდ ხმის მიცემისგან კი არ იკავებენ თავს, არამედ წითელ ღილაკსაც არ ერიდებიან.

პოლიტიკური – ჩვენ გუშინ არ ვამტკიცებდით მთავრობას, რომ ოპოზიციას ამ პროცესისგან ლოგიკურად თავი შეეკავებინა. ჩვენ ვირჩევდით პარლამენტის თავმჯდომარეს, ჩვენი ყველას თავმჯდომარეს. აქ პარტიულობა კრიტერიუმი არ არის. “მოქალაქეებმა’ და “ევროპელმა სოციალისტებმა” კახას მხარი დაუჭირეს, ახლად შემოსულმა ოპოზიციამ უბრალოდ მონაწილეობა არ მიიღო კენჭისყრაში და მაინცდამაინც ჩვენმა ყოფილმა თანაგუნდელებმა დემონსტრაციული უარით გამოიჩინეს თავი.

სხვათა შორის, შარლ მიშელის დოკუმენტს მათაც მოაწერეს ხელი. იმ პუნქტსაც, რომელიც საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილებას გულისხმობს. საინტერესოა, რას ფიქრობენ ისინი? თუ მოითხოვენ კომიტეტის თავმჯდომარეობას ან სხვა საპარლამენტო თანამდებობას, მათივე პოლიტიკური და ადამიანური საზომით, ჩვენც არ უნდა დავუჭიროთ მხარი?! გუშინდლის მერე, დავფიქრდები

ცუდია, და საქართველოში კი, ალბათ საბედისწეროც, როცა პირველივე ნაბიჯი ადამიანურადაც და პოლიტიკურადაც ასე ღრმად მცდარია” – წერს “ქართული ოცნების” დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი ყოფილ თანაგუნდელებზე.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი – მელიას ბრალი თუ დადასტურდება, აღმოჩნდება, რომ არის მოძალადე, თუმცა ამნისტია გულისხმობს პატიებას
შემდეგი სტატიაპირველი მაისიდან ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება