პაპუაშვილი – კირბალთან მომხდარ ფაქტზე ველოდებით საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან რეაქციებსა და შეფასებებს

2008 წელს ევროკავშირის შუამავლობით ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტს, რომელიც დღემდე არ სრულდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, საერთაშორისო თანამეგობრობამ გააძლიეროს ზეწოლა რუსეთზე, რომ შესრულდეს ხელშეკრულება და დასრულდეს ოკუპაცია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს კირბალთან საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბარი იყო კირბალთან საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზეც. პაპუაშვილმა თამაზ გინტურის ოჯახს თანაგრძნობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც ეს ჩაიდინეს.

ამასთან, როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, კარგია, რომ გუშინ გვიან ღამე ერგნეთში შედგა შეხვედრა და ეს საკითხები იქნა დაყენებული, მათ შორის სადამკვირვებლო მისიის წინაშეც.

„ჩვენ ველოდებით ამაზე რეაქციებს, როგორც შეფასებებს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ისე შესაბამისად, დამნაშავეების დასჯას და მთავრობა ამ მხრივ არის ძალიან აქტიური. რაც შეეხება თავად ფაქტს, ეს არის სწორედ ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ოკუპაციის მძიმე შედეგი, რომელიც არა მხოლოდ და განსაკუთრებით, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობას ეხება ყოველდღიური საფრთხე, მათი სიცოცხლისთვის და უსაფრთხოებისთვის არის მთლიანად სახელმწიფოს წინაშე გამოწვევა და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ოკუპაციის დასრულება.

2008 წელს ევროკავშირის შუამავლობით ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტს, რომელიც დღემდე არ სრულდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ გააძლიეროს ზეწოლა რუსეთზე, რომ შესრულდეს ხელშეკრულება, დასრულდეს ოკუპაცია, რაც ნიშნავს ჩვენი მოსახლეობისთვის, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განსაკუთრებით უსაფრთხოების მხრივ უფრო დაცულ მდგომარეობას. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ევროკავშირის გადაწყვეტილებაც და ჩვენი სვლა ევროკავშირისკენ, ვინაიდან ეს გადაწყვეტილებებიც, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს როგორც მშვიდობიან დასრულებას და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიან აღდგენას, შესაბამისად ოკუპაციის დასრულებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა უნდა დაასრულოს ქართულ მიწაზე არალეგალური ყოფნა და გაათავისუფლოს ყველა დაკავებული – მარკ კლეიტონი
შემდეგი სტატიაენტონი ბლინკენი ტოკიოში ჩავიდა