პაპუაშვილი – ხვალინდელი შეკრება გახლავთ საარჩევნო შეკრება, რომ მოხდეს ჩვენი ამომრჩევლის მობილიზება

ხვალინდელი შეკრება გახლავთ საარჩევნო შეკრება, რომელიც ჩვეულებრივი ინსტრუმენტია, რომ მოხდეს ჩვენი ამომრჩევლის მობილიზება, მათი განწყობის აწევა და 30 ოქტომბერს გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აქციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვისაც სურს მშვიდობა, ღირსება და თავისუფლება.

„ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით მოვისმინეთ სიტყვა კონტრაქცია, ეს არის სამარცხვინო, თუ როგორ ხდება მცდელობა, მოხდეს სხვა პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ მოწყობილი აქციის დამცრობა. ეს არის სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ბოლშევიკური მიდგომა, რომ მხოლოდ მათი აქციაა აქცია, მხოლოდ მათი ამომრჩეველი არის ამომრჩეველი, მხოლოდ მათი პატიმარი არის პატიმარი და ასე შემდეგ. მხოლოდ ისინი, ვინც მათთან არიან, არიან ადამიანები, აქვთ ღირსება და უფლება, გამოხატონ თავიანთი აზრი.

ხვალინდელი შეკრება გახლავთ საარჩევნო შეკრება, რომელიც ჩვეულებრივი ინსტრუმენტია, რათა მოხდეს ჩვენი ამომრჩევლის მობილიზება, განწყობის აწევა, რომ 30 ოქტომბერს ის გამარჯვება, რომელიც მოვიპოვეთ 2 ოქტომბერს, ბოლომდე მივიყვანოთ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ასე რომ, ახლა გარკვეულწილად შეეცადონ ამ აქციის დაკნინებას, ეს ყველაფერი გამოწვეულია შიშით. იმის შიშით, რომ აქციაზე კიდევ ერთხელ, თავისი თვალით დაინახავენ და გაიხსენებენ იმ მარცხს, რომელიც 2 ოქტომბერს მათ მიერვე გამოცხადებულ რეფერენდუმზე იწვნიეს და კიდევ ერთხელ გააცნობიერებენ იმ მარცხს, რომელსაც 30 ოქტომბერს მიიღებენ.

დამშვიდდნენ, უყურონ აქციას და მიიღონ ის რეალობა, რომელიც დადგება 30 ოქტომბერს. რაც შეეხება აქციის მონაწილეებს, ამ აქციაზე მონაწილეობას იღებენ საქართველოს მოქალაქეები, იქნება ეს კერძო სექტორში, თუ საჯარო სექტორში დასაქმებულები. ყველას, ვისაც აქვს სურვილი, თქვას, რომ მას სურს მშვიდობა, ღირსება, თავისუფლება, ყველას მოვუწოდებთ, მოვიდეს ამ შეკრებაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, 27 ოქტომბრის აქცია არის პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული.

„ეს არ არის ხელისუფლების მიერ ორგანიზებული შეკრება, ეს არის პარტიის მიერ ორგანიზებული შეკრება, რადგან ჩვენ ახლა ვიმყოფებით წინასაარჩევნო პერიოდში და აქ ოპოზიცია და ხელისუფლება არ არის, აქ არიან პარტიები, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებიან არჩევნებში და სურთ გარკვეული შედეგის მიღება. აქ არ იყოფა ხელისუფლებად და ოპოზიციად. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის პარტიის მიერ ორგანიზებული შეკრება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, აქცია კოვიდრეგულაციების დაცვით გაიმართება.

„პანდემია არის ზოგადად გამოწვევა და გამოწვევა არის სწორედ ის, რომ ვისწავლოთ მასთან ერთად ცხოვრება. საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყო და გვაქვს ვაქცინების საკმარისი რაოდენობა. ყველა რეგულაციისა და უსაფრთხოების ზომების დაცვით, რომლითაც ტარდება მათ შორის სხვადასხვა შეკრება, ამ რეგულაციების დაცვით მოხდება ეს შეკრებაც. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, ვინც მოვა აქციაზე, პირბადე ატარონ და შეძლებისდაგვარად, დაიცვან დისტანცია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილმა უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახებ, რომ შესაძლოა თუ არა, რომ აქციისთვის „ქართულმა ოცნებამ“ რეგიონებიდან საჯარო მოხელეები და საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებულები ჩამოიყვანოს, რაზეც პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ყველაფერი არის სპეკულაცია“.

„კიდევ ერთხელ, ეს ყველაფერი არის სპეკულაცია. რა იძულებაზეა საუბარი 21-ე საუკუნეში, როდესაც თავისუფალი გარემო გვაქვს და კიდევ ერთხელ, რა იძულებაზეა საუბარი იმ პარტიის მხრიდან, რომელმაც 47% მიიღო რამდენიმე კვირის წინ. „ქართული ოცნება“ ვართ პარტია, რომელსაც ყველაზე დიდი რაოდენობით მხარდამჭერი ჰყავს. საშუალო რაოდენობით, ერთი მილიონი ადამიანი გვაძლევს ხმას არჩევნებზე, ამიტომ, რა იძულებაზეა საუბარი, როდესაც ერთი მილიონი ნებაყოფლობით გვაძლევს ხმას. აქედან რამდენიმე ათასი თუ მოვა მიტინგზე, არ მგონია, აქ რამე იყოს საკვირველი. რაც შეეხება დაყოფას, არანაირი დაყოფა, სეგრეგაცია, თითქოს კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს არ აქვთ უფლება, საკუთარი პოლიტიკური შეხედულებები არასამუშაო დროს გამოხატოს. ეს არის კიდევ ერთხელ ადამიანების პოლიტიკური, თუ სამსახურებრივი ნიშნით სეგრეგაცია, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს „ნაციონალური მოძრაობის“ სახეს, რომ ისინი მხოლოდ თავისიანებს აღიქვამენ ადამიანებად და სხვები ადამიანებადაც არ მიაჩნიათ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

წინა სტატიაშიგიგაური – მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ნორმალურ ქვეყნებში მთავრობის ინტერესი არ უნდა იყოს
შემდეგი სტატიადოლიძე – სააკაშვილი უნდა გასამართლდეს, მაგრამ მას ამავე დროს უნდა ჰქონდეს დაცული, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლება