პაპუაშვილი: იმედი მაქვს, რომ ნიკა მელია და „ნაციონალური მოძრაობა“ კარლ ჰარცელის განცხადებას არ გაიგებს, როგორც მათი პროვოკაციების წახალისებას

იმედი მაქვს, რომ ნიკა მელია და „ნაციონალური მოძრაობა“ კარლ ჰარცელის განცხადებას არ გაიგებს, როგორც მათი პროვოკაციების წახალისებას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის ევროკავშირის წარმომადგენლობასთან გუშინ მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებაზე.

პაპუაშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ კარლ ჰარცელმა ნიკა მელიას პროვოკაცია არ დაგმო.

„წავიკითხე კარლ ჰარცელის განცხადება. სამწუხაროა, რომ მან ნიკა მელიას პროვოკაცია არ დაგმო. როგორც ამ განცხადებიდან როგორც მივხვდი, საუბარია თითქოს, პარტიის ორი ლიდერი ერთმანეთს დაუპირისპირდა. ყველამ ვნახეთ პირდაპირ ეთერში, რაც მოხდა. მოხდა ის, რომ ნიკა მელია პირდაპირ მიეჭრა ირაკლი კობახიძეს, როდესაც ის კომენტარებს აკეთებდა და მიეჭრა ორჯერ; შემდეგ, როცა მან მანქანისკენ გადაინაცვლა. ამიტომ, სამწუხაროა, რომ კარლ ჰარცელმა არ დაგმო ეს პროვოკაცია. იმედი მაქვს, რომ ნიკა მელია და „ნაციონალური მოძრაობა“ ამ განცხადებას არ გაიგებს, როგორც მათი პროვოკაციების წახალისებას. რაც შეეხება, ზოგადად იქ, უსაფრთხოების კუთხით ყველაფერი უზრუნველყოფილი იყო. ერთადერთი ინციდენტის ინიციატორი ვინც იყო იქ, ეს იყო „ნაციონალური მოძრაობა“ და ნიკა მელია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება ევროკავშირის წარმომადგენლობასთან გუშინ მომხდარ ინციდენტს, პაპუაშვილის თქმით, „პროვოკაციების არდაგმობა, ვინმემ არ უნდა გაიგოს, როგორც მწვანე შუქის ანთება“.

„გუშინ იცით, რომ იყო შეხვედრები პარტიის წარმომადგენლებთან, ევროკავშირის მისიის მოწვევით და ვნახეთ, რა ინციდენტიც მოხდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ველოდებოდით გარკვეულ შეფასებებს ევროკავშირის მხრიდან, ვინაიდან ჩვენ ვნახეთ, რომ იმ ფორმატის უპატივცემულობა იყო ნიკა მელიას მხრიდან და პირდაპირ მიჭრა და თავდასხმა „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარეზე. მნიშვნელოვანია, ეს შეფასდეს შესაბამისად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, რა შეფასების მოლოდინი ჰქონდა „ქართულ ოცნებას“, პაპუაშვილმა უპასუხა, რომ მოელოდნენ პროვოკაციის დაგმობას.

„ჩვენ რაც ვნახეთ ბოლო პერიოდში, ბათუმში, ქარელში ხელვაჩაურში, ეს პროვოკაციები გამიზნულია იქითკენ, რომ მოხდეს დაპირისპირება. ეს პროვოკაციები უნდა დაიგმოს აქვე, რათა არ წახალისდეს პროვოკაციები და არ დაგმობა ვინმემ არ გაიგოს, როგორც მწვანე შუქის ანთება პროვოკაციებისთვის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: კარლ ჰარცელის განცხადება იყო მეტისმეტად რბილი და ეს მეტისმეტად რბილი
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: განსაკუთრებით გამიხარდება, თუ მუზეუმებში ყველაზე ხშირად მომავალი თაობა ივლის, რათა იცოდნენ, საიდან მოვდივართ და როგორი ქართველები აშენებდნენ ჩვენს ქვეყანას