12.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026
banner

პაპუაშვილი: იმედგაცრუებული ვარ პაველ ჰერჩინსკის ქცევით — ვის, რაში სჭირდება მისი დამტვრეული ქართული

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის საელჩოს იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც უწყებამ გორში დაგეგმილი „კამარა“ ფესტივალის „უსაფრთხოების მიზნებიდან“ გამომდინარე გაუქმების გამო სინანული გამოთქვა. პაპუაშვილმა ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი მკვეთრად გააკრიტიკა.

მისი თქმით, ელჩი ქართული მედიისა და საქართველოს მოქალაქეების კითხვებს პასუხს არ სცემდა, თუმცა ფესტივალის გაუქმებას მყისიერად გამოეხმაურა.

„მედია მიმართავდა ევროკავშირს და პაველ ჰერჩინსკი ამაზე დუმდა და პასუხის ღირსადაც არ ჩათვალა საქართველოს 1 200 000 მოქალაქე, რომლის მაგინებელსაც ფულს აძლევდა. პასუხის ღირსადაც არ ჩათვალა ქართული მედია, თუმცა ქართველი ხალხის მაგინებლის ამ ერთი პოსტს განცხადებით გამოეხმაურა. ესეც ხომ აჩვენებს, სად დგას დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობა თავისი ღირებულებებით… ბოდიშებით ლამის, რომ გააუქმა ეს შეხვედრა“, — განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ევროკავშირის ელჩის ქცევით იმედგაცრუებულია:

„იმედგაცრუებული ვარ პაველ ჰერჩინსკის ამ ქცევის გამო, რომელმაც ქართველ ხალხს გვაჩვენა, თუ როგორ განგვიხილავს, რომ დედის გინება, „მონის“ დაძახება, ფაშიზმი და გინება ყოფილა ქართული კულტურა. ეს გაიგო ამ ადამიანმა საქართველოსგან? მერე გამოდის და დიდის ამბით, დამტვრეული ქართულით რაღაცებს ლაპარაკობს. ვის, რაში სჭირდება მისი დამტვრეული ქართული, თუ ასეთ რაღაცას აკადრებს ქართველ ხალხს“, — აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 1-ელ ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციას გამართავს
შემდეგი სტატიაქუთაისის მოსამართლემ საჯარო მოხელეთა შეურაცხყოფის მუხლი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა