პაპუაშვილი ეუთო/ოდირზე: ისინი საუბრობენ ბრალდებებზე, რომლებიც ისმის დაშინებასთანთან დაკავშირებით, ისინი არ ამტკიცებენ, რომ რაღაც ფაქტი ასე იყო თუ არა

ეუთო/ოდირის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ ისინი საუბრობენ ბრალდებებზე, რომლებიც ისმის დაშინებასთან, შევიწროებასთან დაკავშირებით. ისინი არ ამტკიცებენ, რომ რაღაც ფაქტი ასე იყო თუ არა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელთა წინასწარ შეფასებებს.

პაპუაშვილის თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლები ამბობენ, რომ ამ ბრალდებებმა, რომლებიც ისმოდა, გარკვეული ნეგატიური ეფექტი იქონია წინასაარჩევნო პერიოდზე.

„მათ სპეციალურად ხაზიც კი გაუსვეს ამ საკითხს, რადგან ხშირად ხდება მათი დასკვნების ისე ინტერპრეტირება, თითქოს ეუთო/ოდირი რაღაც ფაქტებს ამტკიცებს. ისინი ფაქტებს არ ამტკიცებენ, ისინი ამბობენ, რომ არსებობს რაღაც ბრალდებები და თავად ბრალდებების არსებობაც არის ნეგატიური გარემო.

თუ შეხედავთ ეუთო/ოდირის შუალედურ დასკვნას პირველი ტურის და მეორე ტურის შემდეგ ნახავთ, რომ ამ დასკვნაში აღარ არის საუბარი ბრალდებებზე, რომლებიც შეეხება ამომრჩევლის მოსყიდვას. ამ კუთხით დასკვნა შემსუბუქებულია.

რაც შეეხება ბრალდებებს, ამაზე ჩვენც გვქონდა საუბარი. მაგალითად, საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ნაკლები ფაქტი იყო – ძალადობის ფაქტი სულ ერთი იყო და 3-ჯერ ნაკლები სისხლის სამართლის საქმე იყო წარმოებული თვითმმართველობის არჩევნების წინ. ძირითადად, ეს იყო მსუბუქი საკითხები და ეხებოდა ქონების დაზიანებას და ა.შ.

ეს არის სადამკვირვებლო მისიის დასკვნა და ჩვენ უნდა მივიღოთ ისეთი, როგორიც არის. მათ დადებითად შეაფასეს საარჩევნო რეფორმის საკითხი და ამით მოხარული ვარ. გახსოვთ, რომ ამ პროცესს თავის დროზე გაემიჯნა ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ოპონენტები და არასამთავრობო სექტორი ახლა მაინც გადახედავს საკუთარ პოზიციას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი: თუკი რაიმე ქმედება გამოხატვის თავისუფლების ზღვარს გადავა, ხელისუფლება, მკაფიოდ და სწრაფად რეაგირებს
შემდეგი სტატიადუმბაძე: ყველგან და ყველაფერში, სადაც რაიმე კვეთაა ხელისუფლებასთან, უნდა ჩავჭრათ