პაპუაშვილი – ეს პარლამენტი სრულფასოვანი იქნება მხოლოდ მაშინ, როცა ამ დარბაზში აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან არჩეული წარმომადგენლები ისხდებიან

ეს პარლამენტიც სრულფასოვანი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ დარბაზში ჩვენთან ერთად აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან არჩეული წარმომადგენლები ისხდებიან,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთანავე, მან ქვეყნის მთავარ საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის ამბიციური გეგმაა 2024 წელს წარადგინოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე.

„ჩვენი მთავარი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტია ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქვს ამბიციური ამოცანა 2024 წელს წარადგინოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე

სწორედ ამიტომ, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჩვენ წინ გველის საკანონმდებლო რეფორმებით დატვირთული დღის წესრიგი, რომელმაც გარდამტეხი როლი უნდა შეასრულოს ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოებაში და ახალ ნიშნულზე მიიყვანოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება.

ჩვენი ეროვნული ამოცანაა ქვეყნის გამთლიანება და ჩვენი აფხაზი და ოსი დებისა და ძმების დაბრუნება. ეს პარლამენტიც სრულფასოვანი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ დარბაზში ჩვენთან ერთად აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან არჩეული წარმომადგენლები ისხდებიან. ეს ის ამოცანაა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უნდა აერთიანებდეს.

ჩვენ გვაქვს გამორჩეული ქვეყანა, ღირსეული ხალხით, უნიკალური ისტორიით, მდიდარი კულტურითა და სულიერების სადარაჯოზე მდგომი ეკლესიით. ეს ქვეყანა და ეს ხალხი იმსახურებს ერთიანობას, კეთილდღეობას, წინსვლას და განვითარებას; სწორედ ამიტომ, ჩვენი განსაკუთრებული ვალია, ჩვენი ფიქრი და საქმე მივუძღვნათ ამ მიზანს.

ეს იქნება ჩემი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, მთავარი ამოცანა.

ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

წინა სტატიაშიპაპუაშვილი – დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდით ედგა სახელმწიფოს ურთულეს პერიოდში, ჩვენს ექიმებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს, პედაგოგებს
შემდეგი სტატიაგისურვებ, პარლამენტში ყველას თავმჯდომარე იყო, ოპოზიციას მოესვლებოდეს და არ იყოს შენი კაბინეტის კარი ჩარაზული – ელისაშვილი პაპუაშვილს