10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

პაპუაშვილი: ეს არის დღე, როდესაც სიტყვა ძნელდება. რადგან ის, რაც ჩვენ გვტკივა, სცდება ჩვეულებრივ ტკივილს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ჩვენ პატრიარქის თაობა ვართ და იმ უნიკალური მოვლენის მოწმენი, როდესაც მთელი ერი ერთი ადამიანით არის სულიერად დაკავშირებული.

„ჩვენი ორიათასწლოვანი ეკლესიის დღევანდელი სიმრავლე, სახე და ფორმა მის მიერ არის შექმნილი. უწმინდესი და უნეტარესი აღმოჩნდა ჩვენი ერისა და ეკლესიის ის მტკიცე დუღაბი, რომელმაც უღმერთობისა და ნიჰილიზმის დროში ჩვენი წარსული აწმყოსთან, ხოლო აწმყო მომავალთან დააკავშირა. და მართლაც, ჩვენ ვიხილეთ ღვთის სასწაული, ფერფლიდან აღმდგარი ქართული ეკლესია, რომელიც მან მარტომ, შიშველი ხელებით თავიდან გამოკვეთა. მან ეს შეძლო იმიტომ, რომ იცოდა მთავარი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში მრავალი ღირებულება იბრძვის პირველობისთვის – თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა, სამართლიანობა.

„უწმინდესი და უნეტარესი თითოეულ მათგანს თავის ადგილს მიუჩენდა, მაგრამ გვასწავლიდა მთავარს: თავისუფლებაც, თანასწორობაც და ყველა სხვა, აზრს კარგავს, თუ არ დგას უმთავრეს ღირებულებაზე – სიყვარულზე. ჩვენ გვყავდა სიყვარულის პატრიარქი. მისი დაუღალავი მქადაგებელი. იგი თავისი ცხოვრებით იქცა მაგალითად, თუ როგორ შეიძლება გიყვარდეს ყველა – შინაურიც თუ უცხოც, მოყვარეც და მტერიც, მართალიც და ცოდვილიც“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, პატრიარქმა შეძლო შეუძლებელი: როგორც ქრისტიანმა აღასრულა ქრისტეს რჯული, როგორც ბერმა დაიცვა აღთქმა, როგორც პატრიარქმა ზიდა თავისი ერის უმძიმესი ჯვარი.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიო პატრიარქმა საზოგადოებას მიმართა, რომ მწუხარებას ნუ მიეცემიან და კრძალვით დაიცვან ილია მეორის რჩევები
შემდეგი სტატიაბართლომეოს I – ღმერთმა ღირს ჰყო ილია მეორე, რომ საქართველოს ეკლესია გამოეყვანა კომუნისტური ათეიზმისა და მტრულად განწყობილი საბჭოური ბნელი პერიოდიდან