საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„დღეს 4 ოქტომბერია. დღე, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ“.
4 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად, მოძრაობა “რუსთაველის გამზირმა” დაგეგმა საპროტესტო აქცია – “სახალხო კრება”. მოქალაქეები თავდაპირველად თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, ხოლო საორგანიზაციო ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენლის, მურთაზ ზოდელავას გამოსვლის შემდეგ, როდესაც მან მიმართა შეკრებულებს: „დღეს მამაკაცური ძალა დაიწყებს მოქმედებას – მამაკაცური ძალა ბარათაშვილის მხარეს გამოვალთ და ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს, ეს იქნება პირველი ნაბიჯი“, ნაწილმა, ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის სასახლისკენ გადაინაცვლა. რამდენიმე ადამიანმა ათონელის სასახლის ეზოს ჯებირიც გაარღვია. დააკავეს პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე. ასევე, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ათეულობით აქტივისტი.








