პაპუაშვილი: ცინიზმია, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა” საუბრობს ციხესა და შიშზე ერთად

“ცინიზმია, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ საუბრობს ციხესა და შიშზე ერთად, ვინაიდან სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნის პერიოდში ასოცირდებოდა ციხე შიშთან, გვახსოვს, რაც იყო საერთო ჯამში ის სისტემა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ციხესთან დაკავშირებული შიში „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში გაქრა.

„ციხესთან დაკავშირებით შიში გაქრა სწორედ 2012 წლიდან, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში და ძირეულად შეიცვალა სიტუაცია ციხეში. თუ ვინმეს არ ეშინია საკუთარი სიცოცხლის, როდესაც პატიმარია, სწორედ „ქართული ოცნების“ დამსახურებაა. ნიკა მელია თავს მეტნაკლებად კომფორტულად თუ გრძნობდა ციხეში, სწორედ იმის დამსახურებაა, რომ ის სისტემა, რომელიც არსებობდა მათი მმართველობის პერიოდში, დაიშალა. ახლა გვაქვს აბსოლუტურად სხვანაირი ციხე. აქ მთავარი ის კი არ არის, ადამიანს ციხის შიში აქვს თუ არ აქვს, მთავარია, აქვს თუ არა განცდა, რომ ჩაიდინა დანაშაული. სამწუხაროდ, ნიკა მელიას არ აქვს განცდა, რომ ჩაიდინა დანაშაული. რასაც ვხედავდით ყველა პირდაპირ ეთერში, რაც ხდებოდა 20 ივნისს მისი მხრიდან, ამის განცდა არ აქვს. ერთ-ერთ სამართალდამცველს თვალი აქვს დაზიანებული და ცალ თვალში დაკარგული აქვს მხედველობა 90 პროცენტით, ამის განცდა არ აქვთ, რა მოხდა იმ დღეს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ადამიანმა თავად გააცნობიეროს საკუთარი საქციელი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხელ სააკაშვილმა 18 მაიის განაცხადა, რომ ნიკა მელიამ ციხის შიში საერთოდ გააქრო.

„ვამაყობ, რომ ნიკა მელიას თანამებრძოლი ვარ, აღფრთოვანებული ვარ მისი გამბედაობით, ციხის შიში საერთოდ გააქრო“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიცერცვაძე: Sinovac-ის ავტორიზაცია დროის ამბავია, სავარაუდოდ 2-3 კვირის ინტერვალით მოხდება
შემდეგი სტატიავანიშვილმა 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა