პაპუაშვილი – არჩევნების გადადების მოთხოვნა პირდაპირ ნიშნავს პოლიტიკურ კაპიტულაციას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღეს ყველა ხედავს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაწყებული აქვს არჩევნების გადადების მოთხოვნის კამპანია, საბაბად კი პანდემიას იშველიებენ, რადგან არჩევნებში წარმატების არავითარი შანსი არ აქვთ.

პაპუაშვილის თქმით, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე არჩევნების გადადების მოთხოვნა პირდაპირ ნიშნავს პოლიტიკურ კაპიტულაციას.

ამასთან, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ პანდემიის თითქმის ორწლიან პერიოდში „ნაციონალური მოძრაობა“ ეპიდსიტუაციის და მათ შორის რეგულაციების მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას იჩენდა.

„ჩვენ ჯერ კიდევ სამი კვირის წინ გავასაჯაროვეთ ინფორმაცია, რომ „ნაციონალურ მოძრაობა“ გეგმავს თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტირებას, ვინაიდან მათივე მონაცემებით, მათ ამ არჩევნებში წარმატების არავითარი შანსი არ გააჩნიათ. დღეს ყველა ვხედავთ, რომ მათ დაწყებული აქვთ არჩევნების გადადების მოთხოვნის კამპანია, საბაბად კი პანდემიას იშველიებენ.

არჩევნებამდე ერთი თვით ადრე არჩევნების გადადების მოთხოვნა პირდაპირ ნიშნავს პოლიტიკურ კაპიტულაციას, რამდენიც არ უნდა ისპეკულირონ, თითქოსდა მათ მოსახლეობის ჯანმრთელობა აინტერესებთ. ჩვენ პანდემიის თითქმის ორწლიან პერიოდში ვხედავდით „ნაციონალური მოძრაობის“ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას ეპიდსიტუაციის და მათ შორის რეგულაციების მიმართ. რატომღაც მათ მხოლოდ ახლა გაახსენდათ, რომ ჩვენი ქვეყანა პანდემიის პირობებში ცხოვრობს.

„ნაციონალური მოძრაობის“ კამპანია ემსახურება სამ ამოცანას, რომ საჭიროების შემთხვევაში წინმსწრებად ჰქონდეთ მომზადებული საბაბი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოსაცხადებლად, მეორე- არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, გარდაუვალი მარცხის შემდეგ გამოაცხადონ, რომ ეს მარცხი მძიმე ეპიდვითარებამ გამოიწვია და თითქოს ჩატარებული არჩევნები მოსახლეობის ნებას სრულფასოვნად არ გამოხატავს;

მესამე – წინასაარჩევნო პერიოდში აწარმოონ მადისკრედიტირებელი კამპანია ხელისუფლების მიმართ, თითქოს ჩვენ არ გვაინტერესებს მოსახლეობის ჯანმრთელობა და ამის გამო არ ვდებთ არჩევნებს. სინამდვილეში ამ ყველაფერს აქვს ერთადერთი მიზეზი. მათ ზუსტად იციან, რომ დამარცხდებიან“, – აღნიშნა შალვა პაპუაშილმა.

რაც შეეხება არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების საკითხს, პაპუაშვილის განმარტებით, საარჩევნო უბანზე მოქალაქეები იქნებიან უფრო უსაფრთხოდ, ვიდრე ნებისმიერ თავშეყრის ადგილზე.

„რაც შეეხება არჩევნების კოვიდუსაფრთხოდ ჩატარებას, ჩვენ ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ წინასაარჩევნო კამპანია და უშუალოდ არჩევნები. მოსახლეობას, ისევე როგორც ოპონენტებს შევახსენებთ, რომ საქართველომ პანდემიის პირობებში არჩევნების მომზადების და უსაფრთხოდ ჩატარების მხრივ არაერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დადებითი შეფასება დაიმსახურა. ამ შეფასებების გარეშეც, ყველა მოქალაქე იყო იმის მოწმე, თუ რამდენად უსაფრთხო გარემოში ჩატარდა 31 ოქტომბრის არჩევნები. ცხადია, რომ ამ წარმატებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ცესკო სრულად უზრუნველყოფს არჩევნების დღის კოვიდუსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით ჩატარებას. ასე, რომ უშუალოდ არჩევნების დღის მიმართ რაიმე კითხვის ნიშნის გაჩენა ეწინააღმდეგება, როგორც წინა არჩევნების გამოცდილებას, ისე იმ ცოდნას, რომელიც ამ მხრივ ჩვენთან თუ მსოფლიოში დაგროვდა. საპარლამენტო არჩევნების წინ ჩვენ ვაცხადებდით, რომ საარჩევნო უბანზე მოქალაქეები იქნებიან უფრო უსაფრთხოდ, ვიდრე ნებისმიერ თავშეყრის ადგილზე. ეს ასევე იქნება 2 ოქტომბრის არჩევნებზეც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ჯამში 1 038 292 აცრა ჩატარდა
შემდეგი სტატიავახო სანაიას ადვოკატი – ჟურნალისტზე თავდასხმის საქმეზე სასამართლო სასჯელის ნაწილში განსაკუთრებით ლმობიერი იყო