პაპუაშვილი არასამთავრობოებზე: ცინიზმი და ცენტრალური საარჩევნო კომისიის კონკურსის ჩაშლის მცდელობა

ISFED-მა ცესკოს თავმჯდომარის პოზიციაზე არცერთს, ხოლო წევრად ორ კანდიდატს დაუჭირა მხარი – განცხადებას ამის შესახებ თავად ორგანიზაცია ავრცელებს და საკუთარ შეფასებაში წერს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობის ამაღლების მნიშვნელობის გათვალისწინებით, კომისიას უფრო მაღალი სტანდარტით უნდა ეხელმძღვანელა.

ISFED -ს უკვე გამოეხმაურა უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილი, რომელმაც ორგანიზაციას 2020 წლის არჩევნების პარალელური ხმის დათვლის ხარვეზები შეახსენა და დისკრედიტირებული უწოდა.

 

“როგორც იკვეთება, სახეზე გვაქვს არაავთენტური კოორდინირებული ქცევა შესარჩევ კომისიაში მყოფი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან, რომლებმაც, სავარაუდოდ, წინასწარი შეთანხმებით მისცეს ხმა მხოლოდ იმ ორ კანდიდატს, რომლებიც მათივე ორგანიზაციებს წარმოადგენდნენ.

ამასთან, ალბათ, მხოლოდ ცინიზმით თუ აიხსნება, მათ რჩეულ ორ კანდიდატში “სამართლიანი არჩევნების” (ISFED) გამგეობის თავმჯდომარის მოხვედრა. ამ ორგანიზაციამ სრულად მოახდინა საკუთარი თავის დისკრედიტაცია იმით, რომ ერთი თვე გამოქვეყნებული ჰქონდა პარალელური დათვლის ყალბი შედეგები და საზოგადოებას ნამდვილ შედეგებს უმალავდა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ამ ორგანიზაციებმა ცესკოს თავმჯდომარეობის არცერთ კანდიდატს არ მისცეს ხმა და ამით შეეცადნენ ჩაეშალათ კონკურსი. ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არ არჩევა რეფორმირებული კანონმდებლობით კი გამოიწვევს იმას, რომ ოქტომბრის არჩევნებს ჩაატარებს ცესკო

რომელშიც ოპოზიციას ექნებოდა უმრავლესობა,

რომლის თავმჯდომარე იქნებოდა ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული მოადგილე.

ამგვარი კოორდინირებული ქცევა და, როგორც უკვე იკვეთება, მათი მხრიდან კანდიდატების მიმართ რეპუტაციის შემლახავი კამპანიის წამოწყება, არის ამ ორგანიზაციების მხრიდან მომავალი არჩევნების დისკრედიტირების ღია მცდელობა და პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის სამწუხარო პრეცედენტი” -წერს შალვა პაპუაშვილი.

banner
წინა სტატიაშიშს მინისტრი პარლამენტთან დადგმულ ჯვარზე: ჩემი აზრი ბევრისთვის ძალიან საინტერესო არ იქნება
შემდეგი სტატიახმაური ოზურგეთის ბაზარში- ერთმანეთს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები და მოვაჭრეები დაუპირისპირდნენ