რომის პაპმა ლეომ ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 250 წლისთავთან დაკავშირებით ოფიციალური წერილი გაავრცელა, სადაც ამერიკელებს იმიგრანტების მიღებისა და დაცვისკენ მოუწოდა. აღსანიშნავია, რომ პაპმა ეს მიმართვა საკუთარ სამშობლოს იტალიის კუნძულ ლამპედუზადან გაუგზავნა, რომელიც აფრიკიდან ევროპაში მიგრანტთა შესვლის ერთ-ერთ მთავარ წინა ხაზს წარმოადგენს.
კათოლიკური ეკლესიის ლიდერმა, რომელმაც გასულ წელს დონალდ ტრამპის კრიტიკა დაიმსახურა მისი მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის „არაჰუმანურად“ მოხსენიების გამო, მსოფლიოს მოუწოდა, გახდეს „უფრო ჰუმანური“ და დაეხმაროს მათ, ვინც ომსა და სიღარიბეს გაურბის. ლამპედუზაზე ვიზიტისას, სადაც მიმდინარე წელს ჩასულ მიგრანტთა რიცხვმა 7 000-ს გადააჭარბა, პაპმა ევროპელ ლიდერებსაც მოუწოდა, მეტი გააკეთონ ჩამოსულთა დასახმარებლად.
„მიგრანტების თანაგრძნობითა და ხელგაშლილობით მიღება არა მხოლოდ ქველმოქმედების აქტია, არამედ თითოეული ადამიანის ღირსების აღიარებაა. სიცოცხლის დაცვის კათოლიკური ღირებულება იმიგრანტების მიღებას, დაცვასა და მათ დახმარებასაც მოიცავს“, — ნათქვამია პაპის მიმართვაში აშშ-ის მისამართით.


















