პაოლო ჯენტილონი: როცა ოკუპირებული რეგიონიდან იტალიაში ვინმე ჩამოდის, როგორც დამოუკიდებელი რესპუბლიკის წარმომადგენელს არასდროს ვცნობთ

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის პაოლო ჯენტილონის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იტალიაში ჩასულ მოქალაქეებს, დამოუკიდებელი რესპუბლიკის წარმომადგენლად არ ცნობენ.

ამის შესახებ მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც პაოლო ჯენტილონიმ განმარტა, იტალიას სეპარატისტული რესპუბლიკები არასდროს უღიარებია.

„რაც შეეხება დღევანდელ აქტივობებს სეპარატისტული რესპუბლიკებიდან და რომ მათი წარმომადგენლები იტალიაში მიემგზავრებიან, ამის შესახებ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ არასდროს გვიღიარებია ეს რესპუბლიკები. ვადასტურებთ კიდევ ერთხელ, როცა ვიღაც ჩამოდის ჩვენს ქვეყანაში ოკუპირებული რეგიონიდან, არასდროს ვცნობთ, როგორც დამოუკიდებელი რესპუბლიკის წარმომადგენელს“, – განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთი ევროკავშირის მნიშვნელოვანი მეზობელია და ცდილობენ, მასთან კორექტული მოლაპარაკებები აწარმოონ.

„რუსეთი ევროკავშირის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი მეზობელია. ვფიქრობ, რომ ევროკავშირისთვისაც და ნატო-სთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობების შენარჩუნება. ევროპის 80% შედის ნატო-ში, ამიტომ, გვინდა ვცადოთ, რომ კორექტულად და სწორად ვაწარმოოთ მოლაპარაკებები რუსეთთან. დიპლომატიური ჟარგონით ამას „ორმაგ ბილიკს“ ვუწოდებთ. ერთი ბილიკია, რომ ჩვენ პრინციპები დავიცვათ და საქართველოს შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ვაღიაროთ. უკრაინის შემთხვევაში, მივიღეთ მნიშვნელოვანი ზომები“, – განაცხადა პაოლო ჯენტილონიმ.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, იტალია, გერმანია და ამერიკაც მხარს უჭერენ რუსეთთან დიალოგს და არგუმენტირებული მიდგომის გაგრძელება აუცილებელია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი : საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილი იქნება ჩრდილოატლანტიკურ ოჯახთან ერთად
შემდეგი სტატიათურქული ავიახაზების ვიდეოინსტრუქცია ჰიტი გახდა (ვიდეო)