პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი: 7 წლის ბავშვი შემოაკვდათ, გადააფარეს რაღაც და წაიყვანეს

პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი: 7 წლის ბავშვი შემოაკვდათ, გადააფარეს რაღაც და წაიყვანეს

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი ფორმულასთან საუბარში ამბობს, რომ დაახლოებით 10 წლის წინ, პანსიონში ერთერთ აღმზრდელს ცემის დროს 7 წლის ბიჭი შემოაკვდა.

მისი თქმით, ფაქტი პანსიონის ხელმძღვანელობამ დამალა. ის იხსენებს, რომ მომხდარის შემდეგ გარდაცვლილი ისე წაიყვანეს, პოლიცია ადგილზე არ მისულა.

“ეზოში ვიყავით ჩასულები და ამ დროს ერთი ბავშვი გაიქცა გოგოებისკენ, ბიჭი, იქნებოდა 6-7 წლის დაახლოებით. ამ აღმზრდელმა ჯერ სულ თმებით ათრია და გამოიყვანა გოგოებისგან, მერე იმ დონემდე მიიყვანა ბავშვი, იმ დონემდე სცემა, თვითონაც ვერ მიხვდა ალბათ, როგორ შემოაკვდა ხელში. ეს ფაქტიც კი გაუხსნელია. შემოვიდა იქ ერთი მანქანა, პოლიცია არ იყო, ამ ბავშვს გადააფარეს რაღაც პლიონკა და წაიყვანეს”, – ამბობს პანსიონის ყოფილი ბენეფიციარი.

მან პანსიონში 15 წელი გაატარა და ამბობს, რომ აღმზრდელები იქ “ჯოჯოხეთს ატრიალებდნენ”.

“იყო ძალიან მძიმე ფაქტები ჩემთან და სხვებთან მიმართებით, იყო ბულინგი, ცემა რეიკებით, სახაზავებით, რაც ხელში მოყვებოდათ. [გვცემდნენ] აღმზრდელები, რომლებსაც ვითომ კაბა ეცვათ და ღმერთი სწამდათ სინამდვილეში კი იქ ჯოჯოხეთი ჰქონდათ დატრიალებული. ლოგინის რეიკებით, ხის სახაზავებით, თუ არ დავიძინებდით შუადღეზე რეიტუზებით აგვიკრავდნენ თვალებს და გვაძინებდნენ, თუ არ დავიძინებდით და მასწავლებლებს არ დავემორჩილებოდით, მათ თავს არ დავუხრიდით, გვათენებინებდნენ პურის მარცვლებზე და ბრინჯზე 24 საათით მუხლებით, კუთხეში”, – ყვება ის.

ურჩი აღსაზრდელების დამშვიდების ერთერთი ტრადიციული მეთოდი, ყოფილი ბენეფიციარის თქმით, დამაძინებელი საშუალებებიც იყო. ამბობს, რომ ეს საკუთარ თავზეც გამოუცდია. ასევე იხსენებს იმასაც, თუ როგორ აბულინგებდნენ ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ბავშვებს.

“იყო ერთი ბავშვი, რომელსა აღმზრდელებმა თვითონ მოსიარულე ფსელი შეარქვეს. გენეტიკური დაავადება ჰქონდა ამ ბიჭს, ჩემი მეგობარი იყო. გახდა დასაცინი მასწავლებლებისგანაც და ბავშვებისგანაც. მასწავლებლებმა რომ დაიწყეს, ბავშვებიც აყვნენ”, – ამბობს ის.

მისივე თქმთ, გაქცევა არაერთხელ სცადა, თუმცა უშედეგოდ.

“90-ჯერ მაინც ვცადე გაქცევა. 40-მდე ბავშვი ვაპირებდით იქ ბუნტის ატეხვას და გაპარვას, მაგრამ 40-დან დავრჩით ორნი. სიკვდილის ეშინოდათ, არ უნდოდათ, რომ იმ ბიჭის შემდეგი ის ყოფილიყო”, – ამბობს ის.

ყოფილი ბენეფიციარი ასევე ამბობს, რომ მისი პანსიონში ცხოვრების დროს გაუპატიურების ფაქტები არ სმენია.

“იყო ფაქტები, როდესაც აღმზრდელებმა დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ მეუფე სპირიდონი იყო ნასამართლევი 14 წლის ბავშვის გაუპატიურებზე და ეს საბუთები საპატრიარქომ გაანადგურა”, – ამბობს ყოფილი აღსაზრდელი.

წყარო: ფორმულა

banner
წინა სტატიაშივაშაძე: საქართველო პირველად არ იქნება მიწვეული ნატო-ს სამიტზე, ვთხოვ სენატორებს, ეს რამენაირად შევცვალოთ
შემდეგი სტატიანორვეგიის მთავრობამ ჯაშუშობის შესახებ სკანდალის გამო აშშ-ს ელჩი გამოიძახა