პანკისის სპეცოპერაციისას ერთი პირის დაჭრის ფაქტს სახალხო დამცველი სწავლობს

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების ბრალდებებით სახალხო დამცველი დაინტერესდა. ნინო ლომჯარიას თქმით, მისი წარმომადგენელი უკვე ესაუბრა დაჭრილის ახლობლებს. ომბუდსმენი აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით განსხვავებულ ვერსიებს ჰყვებიან, როგორც სუს-ი ასევე ოჯახი, ამიტომ ამ ფაქტს სახალხო დამცველი შეისწავლის.

„ჩვენი წარმომადგენელი უკვე ესაუბრა დაჭრილი ოჯახის წევრებს. ამ ეტაპზე რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ოჯახის წევრების განცხადება და სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია თუ რა ვითარებაში მოხდა დაჭრა პირის, ურთიერთგამომრიცხავია. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩავერთვებით ამ საკითხის შესწავლის პროცესში. გარკვეულ ინფორმაციებს ველოდებით და ბუნებრივია, გვექნება შესაბამისი პოზიცია, რომელსაც დავაფიქსირებთ ამ საკითხთან მიმართებით,“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

რამდენიმე საათიანი სპეცოპერაცის შედეგად პანკისის ხეობაში 4 პირია დაკავებული. ერთ-ერთი მათგანი სოფელ დუისში მცხოვრები 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაჭრილია. ოჯახის ინფორმაციით მას საკუთარ საძინებელში ესროლეს. დაჭრილის ახლობლები ჰყვებიან, რომ ოჯახში რამდენიმე ათეული სპეცრაზმელი შეიჭრა, თუმცა არ დაუნახავთ რა ვითარებაში წაიყვანეს თემირლან მაჩალიკაშვილი. მათივე ინფორმაციით იარაღი, რომელსაც სპეცრაზმელები ეძებდნენ, სახლში ვერ ნახეს.

დაკავებულები არიან ასევე თემირლან მაჩალიკაშვილის მეზობლები ხიზირ მარგოშვილი, რუსლან ალხანაშვილი და სოფელ ომალოში მცხოვრები ბადო ჩოფანაშვილი.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი უკრაინის სახელმწიფოს სტრასბურგის სასამართლოში უჩივის
შემდეგი სტატიაოთარ აბესაძე კლინიკაში გადაიყვანეს