“პანკისის ხეობა საქართველოს ხელისუფლებისთვის ყოველთვის მთავარი საზრუნავი იყო”

თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, დღეს პანკისის ხეობაში მთავრობის წარმომადგენლები იმყოფებიან.

ისინი ამ დროისთვის სოფელ დუისში ხეობის უხუცესებს ხვდებიან. თავდაპირველად ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ ომალოში ჩავიდნენ, სადაც ელექტროშემდუღებლის კურსის მოსწავლეებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს.

მთავარ პრობლემად პანკისის ხეობის მცხოვრებლები დასაქმებასა დას განათლებას ასახლებენ. მათი თქმით, ხეობაში მოსაწესრიგებელია გაზიფიცირება და ინფრასტრუქტურული პროექტები.

პანკისელ ახალგაზრდებს თავდაცვის სამინისტროს სასწავლო კურსის სერჟანტები შეხვდნენ და მათ ახალგაზრდებს სამხედრო კონტრაქტის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ესაუბრნენ.

როგორც ადგილობრივებმა განმარტეს, მათ თავდაცვის მინისტრისგან მიიღეს თანხმობა, რომ სამხედრო სამსახურში პანკისელი მუსლიმებისთვის სპეციალური სამლოცველო კაბინეტი მოეწყობა.

„პანკისი არ არის მარტივი თემა. ეს ხეობა ყოველთვის იყო მთავარი საზრუნავი საქართველოს ხელისუფლებისთვის და ჩვენ ჩამოსვლა იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ ახალი პროგრამება, რომლებსაც 2016 წელს განვახორციელებთ პანკისელ მოსახლეობას შევთავაზოთ. ჩამოვედი იმიტომ, რომ საკონტრაქტო სამსახურის გაწვევა დაწყებულია და ეს გამოცხადდა უკვე რამდენიმე კვირაა. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს ქართულ ჯარში საზოგადოების ყველა წევრის ინტეგრაცია მოხდეს, იქ საქართველოს ყველა ჯგუფი უნდა იყოს წარმოდგენილი. პრემიერის დავალებისა და თხოვნის შესაბამისად, ყველაზე უფრო მკვეთრი, მტკივნეული საკითხები გვინდა, რომ რაც შეიძლება უფრო სწრაფად გადაწყდეს და უფრო სწრაფად მივიდეს ადამიანებამდე“, – განაცხადა ხიდაშელმა.

ადგილზე იმყოფება თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, სპორტის მინისტრის მოდგილე ლევაზ ჯაველიძე, განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და კულტურის მინისტრის მრჩეველი ქეთი დუმბაძე.

ისინი მთელი დღის განმავლობაში პანკისის ხეობაში რჩებიან, სადაც რამდენიმე შეხვედრაა დაგეგმილი.

banner
წინა სტატიაშივიზალიბერალიზაციის ამოქმედებას მთავრობაში გაზაფხულზე ვარაუდობენ
შემდეგი სტატიაზაჰირ ჰუსეინოვი აცხადებს, რომ აბაშიძეების ოჯახისგან შეძენილი ტილო თურქეთში ლეგალურად გაიტანა