პანკისელებმა განაცხადეს, რომ სტერეოტიპი „ტერორისტული რეგიონის“ შესახებ უნდა დაიმსხვრეს

„კავკაზსკი უზელი“ პანკისის ხეობასთან დაკავშირებით ვრცელ მასალას აქვეყნებს. სტატიაში რესპოდენტებზე დაყრდნობით ავტორი მოგვითხრობს პანკისიდან სირიაში ახალგაზრდების წასვლის ხელშემწყობ ფაქტორებზე, ხეობაში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ აქტივობებსა და სათემო რადიოს საქმიანობაზე. 

პანკსის ხეობიდან სირიაში ახალგაზრდების გამგზავრების პრობლემა გადაწყვეტილია, თუმცა რეგიონს კვლავ რჩება იმ ადგილის რეპუტაცია, საიდანაც ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“ მომხრეებს იღებს. ამის შესახებ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა განაცხადეს. ისინი თვლიან, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა პანკისის ცხოვრების სრული სურათი უნდა წარმოაჩინონ.

პანკისის რეპუტაცია დაზარალდა რეგიონის ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში გაშუქებით

პანკისის სათემო რადიო, რომელმაც მუშაობა 2015 წლის დეკემბერში დაიწყო, რეგიონის ცხოვრების გაშუქებას განაგრძობს. ამის შესახებ „კავკაზსკი უზელს“ პროექტის კოორდინატორმა და კახეთის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გელა მთივლიშვილმა განუცხადა. რადიოსადგურის მიზანია როგორც პანკისის ხეობის მოსახლეობის ინფორმირება, ისე პანკისში არსებული სიტუაციის გაშუქება დანარჩენი საქართველოს მოსახლეობისთვის.

„სტერეოტიპები აუცილებლად უნდა დაიმსხვრეს. სამწუხაროდ, მთავარი სტერეოტიპი ის არის, რომ აქ უსაფრთხოება დაცული არაა და რომ პანკისი ტერორიზმის თემას უკავშირდება“, – განმარტა ჟურნალისტმა.

მთივლიშვილის სიტყვებით, პანკისში კრიმინალური ვითარება 2000 წელს, მეზობელ ჩეჩნეთში მიმდინარე საომარი კამპანიის ფონზე გამწვავდა.

„პანკისი, რომელიც იმ დროს ხელისუფლების მიერ არ კონტროლდებოდა, სამწუხაროდ, კრიმინალის ერთგვარ თავშესაფრად იქცა. მაგრამ 2003 წლის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და ხეობაში პოლიციის კონტროლი აღდგა. უკვე 2013 წელს კი აქ ე.წ. „ისლამური სახლემწიფოს“ გავლენა გაიზარდა“, – ყვება ის.

„არ არის საჭირო, რომ რელიგია მთავარ ფაქტორად განვიხილოთ, ეს ასე არ არის. მთავარი ფაქტორი იდეოლოგია და ორი ადამიანია, პანკისის მკვიდრები, რომლებიც საომრად აქედან სირიაში წავიდნენ: თარხან ბათირაშვილი და მურად მარგოშვილი (ასევე ცნობილი, როგორც მუსლიმ აბუ ვალიდი – „კავკაზსკი უზელის“ შენიშვნა). ამ ადამიანების ფაქტორმა გავლენა იქონია სირიაში ახალგაზრდების მიგრაციაზე. თარხან ბათირაშვილი მისაბაძ მაგალითად იქცა. არასოდეს გავამართლებ ტერორიზმს, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ თავისი საბედისწერო როლი შეასრულა, ბათირაშვილს უსამართლოდ მოექცა და ამ ადამიანმა კარგი სამხედრო კარიერის ნაცვლად ტერორისტის კვალიფიკაცია მიიღო“, – განაცხადა მთივლიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ახლა პანკისის რეპუტაცია სერიოზულად ზიანდება იმის გამო, რომ ის მედიაში მხოლოდ უარყოფითად შუქდება.

„ეს არასწორია. თითქოსდა აქ პოზიტიური არაფერია და მხოლოდ ნეგატივია. თითებზე ჩამოითვლება ის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, რომლებსაც პანკისის შესახებ რაიმე პოზიტიური დაუწერიათ. ამიტომაც გადავწყვიტეთ აქ ადგილობრივი რადიოს გახსნა“, – განაცხადა პროექტის კოორდინატორმა.

მისი თქმით, სანამ რადიო მუშაობას დაიწყებდა ადგილობრივი ბლოგერებისთვის ტრენინგები ჩატარადა.

„სამოქალაქო აქტივობების ცენტრში ასევე ტარდება ბუღალტერული აღრიცხვისა და ავტომობილის მართვის კურსები. მსურველთა რიცხი დიდია, არის დაინტერესება და ნდობა. მთავარია, რომ ახალგაზრდებს უკეთესი ცხოვრების იმედი ჰქონდეთ, ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოყოფილი მცირე გრანტების წყალობით, 2015 წელს ზოგიერთ ადგილობრივს შანსი მიეცა საკუთარი ბიზნესიდეა განეხორციელებინა: ვიღაცამ ინტერნეტ კაფე გახსნა, ვიღაცამ – სასტუმრო, ვიღაცამ კი ავტოსერვისი. იმედი გვაქვს, რომ ამგვარი რამ წელსაც იქნება. მათ ხელშია ხეობის ნეგატიური იმიჯის შეცვლა. ეს კი თავის სარგებელს მოიტანს, მაგალითად, აქ შესაძლებელია ტურიზმის განვითარება“, – განაცხადა მთივლიშვილმა.

პანკისის ხეობის მაცხოვრებლები ცოტა უარყოფითად არიან განწყობილნი მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თანამშრომლების მიმართ იმდენად, რამდენადაც მათ საქმიანობას პანკისის ხეობის უარყოფითი სახის შექმნას უკავშირებენ. ამის შესახებ ადგილობრივი ჟურნალისტი ზარემა იდიძე ყვება, რომელმაც თავისი კარიერა ახლახანს დაიწყო.

„ეს მოხდა მხოლოდ ერთი საკითხის მასობრივი გაშუქების გამო – მათი, ვინც სირიაში წავიდნენ. თითქოს ხეობაში სხვა არაფერია ამის გარდა“, – უთხრა „კავკაზსკი უზელის“ კორესპონდენტს იდიძემ.

[სირიასა და ერაყში საქართველოს 50-მდე მოქალაქე იბრძვის. ამის შესახებ საქართველოს უშიშროების სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 29 მარტს გამოქვეყნდა. აპრილში ცნობილი გახდა, რომ პანკისელი ვახა ბუგიევი სირიაში დაიღუპა. იგი იქ 2015 წელს გაემგზავრა]

საერთო ჯამში სირიაში დაახლოებით 50 ადამიანია წასული. ამის შესახებ „კავკაზსკი უზელის“ კორესპონდენტს ანონიმურობის დაცვის პირობით, სოფელ ჯოყოლოს მკვიდრმა უთხრა. თუმცა სირიაში გამგზავრებულთა ზუსტი რიცხვის დასახელება მან ვერ შეძლო.

„თავდაპირველად სირიაში მიმდინარე ომი აქ აღიქმებოდა როგორც რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა. ამან ბევრი შთააგონა წასულიყო სირიაში რუსეთის და ასადის წინააღმდეგ საომრად. მოგვიანებით, როცა ვნახეთ თუ რა ხდება იქ, ბევრს იმედი გაუცრუვდა. არიან ისინიც, რომლებიც დაბრუნდნენ – დაახლოებით 10 ადამიანი. ისინი დაბრუნდნენ და აქ სოფლებში წყნარად ცხოვრობენ“, – განაცხადა სოფლის მკვიდრმა.

მისი აზრით, ეს პრობლემა ახლა პანკისისთვის აქტუალური არ არის. მან დაამატა, რომ ადგილობრივმა იმამებმა ახალგაზრდები შეკრიბეს და აუხსნეს, რომ სირიაში წასვლა არ არის საჭირო.

ეს ინფორმაცია „კავკაზსკი უზელის“ კორესპონდენტს დაუდასტურა სოფელ ბირკიანში მცხოვრებმა კაკო ბორჩაშვილმაც, რომელიც უხუცესთა საბჭოს წევრია.

„არც სირიაში, არც უკრაინაში და არც სადმე სხვაგან წასვლა საჭირო არაა. ჩვენი სამშობლო საქართველოა, ხოლო ჩვენი წინაპრებისა – ჩეჩნეთი. მაგრამ, რა თქმა, უნდა მათი ძალით დაჭერა არ შეგვიძლია და იყვნენ ისეთებიც, ვინც გაემგზავრნენ. ეს არ არის ისლამის გზა. არსად წერია, რომ უნდა წახვიდე და მოკლა“, – ხაზი გაუსვა მან.

[ქისტები პანკისის ხეობაში 1830-იან და 1870-იან წლებში ჩასახლდნენ. ქისტების გარდა აქ ჩეჩნების დიდი ჯგუფი ცხოვრობს, რომლებმაც ჩეჩნეთი მეორე საომარი კამპანიის შემდეგ დატოვეს, ასევე ინგუშების მონათესავე ბაცბები]

„აქ, პანკისში იმდენი პრობლემაა: უმუშევრობა, არ არსებობს ინფრასტრუქტურა, ჟურნალისტებს კი მხოლოდ სირიასთან დაკავშირებული საკითხი აინტერესებთ“, – განაცხადა მან.

პანკისს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე წყნარი და მშვიდი რეგიონი უწოდა სოფელ ომალოს მკვიდრმა მუსამ, რომელიც ფუნდამენტური ისლამის მიმდევარია. მან, გელა მთივლიშვილის მსგავსად, აღნიშნა, რომ ახალგაზრდები პანკისის ხეობაში განხორციელებულ სხვადასხვა პროექტებში აქტიურად არიან ჩართულნი.

„ხეობა კარგი მიმართულებით ვითარდება. როგორც მთავრობის, ისე არასამთავრობო სექტორის მხარდაჭერით აქ ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა პროექტები ხორციელდება“, – უთხრა მუსამ „კავკაზსკი უზელის“ კორესპონდენტს.

სოფლის მკვიდრი არ თვლის, რომ სირიაში პანკისიდან უფრო მეტი ადამიანი მიდის, ვიდრე საქართველოს სხვა რეგიონებიდან.

„იქ საომრად მთელი მსოფლიოდან მიდიან, თუმცა რატომღაც მსოფლიოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიც კი აქცენტს პანკისზე აკეთებენ. აქედან ძალიან ცოტა ადამიანი წავიდა. ვფიქრობ, მაქსიმუმ ათი ადამიანი. ბოლო დროს კი აღარავინ მიდის. არ ვეთანხმები მათ, ვინც ამბობს, რომ პანკისიდან 50 ადამიანია წასული. ეს, შესაძლოა, საქართველოს ის მოქალააქეები იყვნენ, ვინც თურქეთში 10-15 წლის განმავლობაში ცხოვრობენ და სირიაში იქიდან წავიდნენ“, – განაცხადა მუსამ.

[საქართველოს სპეცსამსახურების მონაცემებით, პანკისის ხეობის მკვიდრები მონაწილეობდნენ 2012 წელს ლოპოტას ხეობაში განვითარებულ მოვლენებში, როდესაც ძალოვანების მიერ მძევლებად აყვანილი ადგილობრივების გასათავისუფლებლად ჩატარებული მსხვილი ოპერაციის შედეგად 11 სავარაუდო ბოევიკი მოკლეს. მათი ნაწილი, ნათესავების განცხადებით, პანკისში საიდუმლოდ იქნენ დამარხულნი. „კავკაზსკი უზელმა“ გამოაქვეყნა სახელმძღვანელო მასალა ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის და მომხდარის ვერსიების შესახებ]

ახალგაზრდების წასვლა სირიაში პანკისისთვის ნამდვილად იყო სერიოზული პრობლემა 2013-2014 წლებში. აღნიშნული პანკისის ქალთა სათემო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლეილა აჭიშვილმაც დაადასტურა. ის სოფელ ჯოყოლოდანაა.

„ამით ბევრ მშობელს მიადგა ზიანი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, ყველა ვამბობდით, რომ არ არის საჭირო ომში წასვლა. სამწუხაროდ, მსოფლიომ პანკისი ამ თემის გამო გაიცნო. ახლა ეს ყველაფერი შეჩერდა. ვფიქრობ, ეს საქართველოს ხელისუფლების დამსახურებაა, ასევე იმ ინიციატივებისა, რომლებიც პანკისის ხეობაში განხორციელდა“, – განაცხადა აჭიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა სამოქალაქო აქტივობების ცენტრის საქმიანობაზე და ამ ორგანიზაციის მიერ ახალგაზრდების ინიციატივების მხარდაჭერაზე.

„ძალიან ბევრი რამ უკავშირდება იმას, რომ ახალგაზრდები ვერაფრით კავდებიან. ამას ემატება უმუშევრობის მაღალი დონე. სირიაში წასულთა შორის სხვადასხვა კატეგორიის ადამიანები იყვნენ: ვიღაც ჯიჰადის გამო მიდიოდა, ვიღაც იქ ფულის შოვნაზე ფიქრობდა, ვიღაც კი ინტერესის გამო გაემგზავრა, მაგრამ მათგან უმრავლესობა არიან ხელმოკლე მრავალშვილიანი ოჯახებიდან. ამჟამად სირიის თემა დახურულია. იქ ბევრი დაიღუპა. ბევრი ისევ იქ არის და დაბრუნებაც რომ უნდოდეთ, უკვე აღარ შეუძლიათ“, – განაცხადა აჭიშვილმა.

წყარო

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: სულ არ მაღელვებს რესტორნების მომღერალთა პროფკავშირი
შემდეგი სტატიატრამპმა რუსული გამანადგურებლების ჩამოგდების იდეა წამოაყენა