პანდემიის პირობებში იპოთეკით დაზარალებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა

პანდემიის პირობებში იპოთეკით დაზარალებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. როგორც მედიაჰოლდინგ კვირის პრესკლუბში “იპოთეკით, მშენებლობებითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა გიგა წულეისკირმა განაცხადა არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის საჭიროა ახალი რეგულაციების მიღება და იმ ე.წ. შავი ხვრელების აღმოფხვრა რომლითაც ხშირად მევახშეები სარგებლობენ და ტოტალურად ახდენენ ქონებების მითვისებას.
„ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციის სურვილია, მოსახლეობას ე.წ. მევახშეებისგან თავის დახსნასა და ასევე შეჩერებული მშენებლობების საკითხების მოგვარებაში დაეხმარს. ორგანიზაციის შექმნის მიზანი საკანონმდებლო კუთხით რეგულაციების მიღება და არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ვგულისხმობ მევახშეების გააქტიურებულ ქმედებებს და მოსახლეობისთვის უძრავი ქონების წართმევის ფაქტებს. ეს საკითხი პანდემიამდეც ძალიან მწვავედ იდგა, პანდემიის დროს კი ბევრად გაუარესდა. აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ მიღებული იქნას საკანონმდებლო რეგულაციები, რათა აღმოიფხვრას ე.წ. შავი ხვრელები და ადვილი მექანიზმებით მოსახლეობისთვის უძრავი ქონების წართმევა აღარ მოხდეს. ჩვენი ინფორმაციით, მევახშეებს ლობები ჰყავთ. ლობების გამორკვევისთვის აქტიურად ვიმუშავებთ. რამდენიმე შემთხვევა გვაქვს, როცა მევახშეებმა, ე.წ. ნასყიდობა-გამოსყიდვის გაფორმების ფორმით თვალთმაქცურ გარიგებებს მიმართეს. შემდეგ, ცრუ ჩვენების შედეგად, თითქოს არ იცნობდნენ იმ ადამიანებს, ვისზეც თანხის გასესხება მოხდა, 5 -ჯერ და 10-ჯერ მეტი ღირებულების უძრავი ქონება მიითვისეს. გვინდა, ამ საკითხების შესწავლა სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 182- ე მუხლებით მოხდეს“, – განაცხადა წულეისკირმა.
გიგა წულეისკირის თქმით, ორგანიზაცია მოქალაქეებს უფასო იურიდიულ კონსულტაციასა და მხარდაჭერას სთავაზობს.საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა არასამთავრობო ორგანიზაცია „ ხალხის ხელისუფლება – სახალხო სამართლის“ დამფუძნებელმა მამისა ჯაფარაშვილმაც.
„დიდი ხანია, იმ თემას ვემსახურები, რასაც ფულად- საკრედიტო პოლიტიკა და მევახშეობა ჰქვია. სამწუხაროდ, პანდემიის 1- წლიანმა პერიოდმა ძალიან გაზარდა დასაკუთრებული ქონების რაოდენობა როგორც მევახშეების, ისე ბანკების მხრიდან. განსაკუთრებით საბანკო სექტორიდან წამოვიდა ტენდენცია, რომ მსესხებლებს, ვისაც ამ 1 წლის განმავლობაში გადახდა გაუჭრიდათ, ქონება პირდაპირ გადააფორმებინეს, ვერ იხდით თანხას, გადმოგვიფორმეთ ქონება და შემდეგ 1 წელიწადში გამოსყიდვის საშუალებას მოგცემთო. სამწუხაროდ, ამ 1 წელიწადში მოსახლეობისთვის შემოსავლის წყარო არ გაზრდილა და ბანკები დიდი ქონების მესაკუთრეები გახდნენ. მათ უძრავი ქონება მიზერულ ფასში დაისაკუთრეს, შემდეგ კი მსესხებლებს ამ ქონების დაბრუნებისთვის ახალ სესხს სთავზობენ. ეს ძალიან საშიში ტენდენციაა, რადგან თავიდან ბანკი ქონებას ლიკვიდურ ფასში აფასებს, შემდეგ კი მოქალაქეებს გამოსყიდვას საბაზრო ღირებულებით სთავაზობს. ეს, ფაქტობრივად, დანაშაულია“, – განაცხადა მამისა ჯაფარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აღდგომის დღეებში სასაფლაოებთან მისასვლელი გზები ჩაიკეტება
შემდეგი სტატიაანა დოლიძე: პოლიტიკური სპექტრი შარლ მიშელის მიერ მომზადებული შეთანხმების თარგმანში დაიკარგა