პანდემიას ესპანეთში ქართველი ბინის ქურდების აქტიურობისთვის ხელი არ შეუშლია

ქართველი ქურდები ესპანეთში პანდემია

მაისის დასაწყისი ესპანეთში მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენები ხდებოდა, რომელიც რეგიონალურ არჩევნებს უკავშირდებოდა, თუმცა, ეს არჩევნები თითქმის დაჩრდილა მეორე მოვლენამ, კრიმინალური სამყაროდან. არჩევნების დღეს, 4 მაისს 31 წლის საქართველოს მოქალაქე კონსტანტინ ფარზოევი თავხედურად დაესხა თავს “ერმიტაჟს”, რომელიც ესპანეთის დედაქალაქის ცენტრში მდებარე ცნობილი საიუვილერო მაღაზიაა.
თავდამსხმელმა მძევლები აიყვანა. ვიტრინების ჩამსხვრევამ პანიკა გამოიწვია, გადაიკეტა საგზაო მოძრაობა, პოლიცია იძულებული გახდა იარაღი გამოეყენებინა. ისტორია დასრულდა იმით, რომ ორი პირი დაიჭრა და თავდამსხმელი დააკავეს. გარდა ამისა, მედიამ ფარზოევისა და მისი თანამემამულეების სხვა “საქმენი საგმირონი” გაიხსენა ესპანეთში.
“დოიჩე ველე” ესპანეთის ეროვნულ პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ ფარზოევი ადრეც ქურდობისთვის იხდიდა სასჯელს. უკანასკნელი თავდასხმისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მან სათამაშო პისტოლეტი და ავტომატი გამოიყენა, “განსაკუთრებით საშიში ძარცვისთვის” წაუყენეს ბრალი და მას დიდი ხანი მოუწევს ციხეში ყოფნა – “დოიჩე ველეს” განუცხადა იურისტმა, რომელსაც არა ერთხელ დაუცავს ბინის ქურდობისთვის ბრალდებული საქართველოს მოქალაქეების ინტერესები სასამართლოში. მისი ინფორმაციით, ესპანეთში მომხდარი ბინის ქურდობის 60%-ს საქართველოს მოქაალქეები ჩადიან. მძარცველები სახლებში მაშინ შედიან, როცა იქ არავინ არის, იღებენ ფულს, საათებს და ოქროს სამკაულებს. საუბარია ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფზე. ადვოკატის თქმით, ესპანეთში ჯგუფის ხელმძღვანელები და ნაქურდის გადამყიდველები ცხოვრობენ მხოლოდ, რიგითი წევრები ქვეყანაში შედიან როგორც ტურისტები. მათ ასახლებენ ბინებში, ამარაგებენ პროდუქტებით და ფულით, მათ შორის, უხდიან ადვოკატის ხარჯებს, იმ შემთხვევებში, თუკი პირი პოლიციაში მოხვდება.

მხოლოდ აპრილის ბოლოს საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს. მათ ბარსელონაში, სარაგოსასა და მადრიდში 28 ბინა აქვთ გაძარცვული. გასულ წელს კი კანონიერი ქურდის ზვიად დარსაძის სასამართლო პროცესი დასრულდა. მისი 129 კაციანი დაჯგუფება 2019 წელს დააპატიმრეს. ამავე დროს, კანონიერი ქურდისა და მისი დაჯგუფების დაკავებას ბინის ქურდობების სტატისტიკაზე არ უმოქმედია. დარსაძე სხვა ავტორიტეტებმა ჩაანაცვლეს იგივენაირად, როგორც მან, თავის დროზე კახაბერ შუშანაშვილი.

პანდემიის აკრძალვებს, რომლის დროსაც ესპანეთის ტერიტორიაზე მანქანებით გადაადგილებაც კი იკრძალებოდა, ქართველი მძარცველების აქტიურობაზე არ უმოქმედია. პირველ ყოვლისა, საჰაერო მიმოსვლის შეჩერების გამო ბევრი მათგანი ქვეყანაში “გაიჭედა”. მეორე – პოლიცია, პანდემიის გამო, კარანტინის ნორმების რეგულირებით იყო დაკავებული და ბინის ქურდობები მეორეხარისხოვანი გახდა. მესამე – ესპანელების უმეტესობამ, პანდემიის გამო ქალაქის ბინები დატოვეს და სოფლებში გადაბარგდნენ.
ესპანეთში საქართველოს 20,4 ათასი მოქალაქე ცხოვრობს. მათგან უმეტესობას კრიმინალთან შეხება არა აქვს – ავრცელებს ესპანეთის ეროვნული პოლიცია.

მომზადებულია “დოიჩე ველეს” მიხედვით.

banner
წინა სტატიაშიაღმოსავლეთ იერუსალიმში არეულობებისას ასობით პირი დაშავდა
შემდეგი სტატიასააკაშვილი: მელიას გათავისუფლებით იწყება ქართველი ხალხის ბრძოლის მნიშვნელოვანი ახალი ეტაპი