ფანასკერტელ-ციციშვილისა და აგლაძის ქუჩებზე დასასვენებელი სივრცეების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონის გამგეობამ ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩის N12-17 მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„პროექტის ფარგლებში, აღნიშნული სივრცე მთლიანად მოწესრიგდება. მოეწყობა სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონა, საფეხმავლო ბილიკები, ლედ განათების სისტემა და სარწყავი ქსელები. დაირგვება ხე-მცენარეები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარკებისა და სკვერების განახლება, ქალაქში რეკრეაციული სივრცეების არსებობა, უბნებში არსებული სკვერების მოწესრიგება. გამგეობები ძალიან ბევრ პროექტს ახორციელებენ ამ მიმართულებით, რაც მისასალმებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, მისივე თქმით, რეკრეაციული სივრცის სრული რეაბილიტაცია დიდუბის რაიონის გამგეობამაც დაიწყო, სარეაბილიტაციო პროექტი კი აგლაძის ქუჩის N38-ში მიმდინარეობს.

„ტერიტორია, დაახლოებით, 5 000 კვ.მ ფართობს შეადგენს. პროექტის მიხედვით, სივრცეში სრულად განახლდება საპარკო ინვენტარი, მოეწყობა საბავშვო და სპორტული სივრცეები, განათებისა და სარწყავი სისტემები. ტერიტორიაზე ასევე განთავსდება ძაღლების სასეირნო სივრცე. პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია შადრევნის მოწყობა და გამწვანების მასშტაბური ღონისძიებები. რა მიდგომა და დამოკიდებულებაც გვაქვს პარკებთან და სკვერებთან მიმართებაში, ეს ყველგან იქნება გათვალისწინებული, რათა ადგილობრივ მოსახლეობას ჰქონდეს საშუალება, ნორმალურ გარემოში დაისვენოს, განიტვირთოს და ივარჯიშოს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ დაუშვილი – „ახალს“ დაირქმევენ თუ სხვა რამეს, ჩემთვის ისინი „ნაციონალური მოძრაობაა“
შემდეგი სტატიავოლსკი – როგორ შეიძლება, გაგიჩნდეს სურვილი, უკრაინას გადასცე ადამიანი, რომელმაც შენს ტერიტორიაზე ამდენი დანაშაული ჩაიდინა, არახამია სისულელეებს მიედ-მოედება