პანამა “ფეიფერსის” მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში დავით კეზერაშვილი ფიგურირებს

kezerashviliპანამა ფეიფერსის” მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტები – ცნობილი ხდება, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის გარდა, ამ საქმეში ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილიც ფიგურირებს.

როგორც შვეიცარიული გამოცემა Tribune de Geneve წერს, 2006 წელს, როდესაც დავით კეზერაშვილმა თანამდებობა დაიკავა, ის მხოლოდ ერთ ბინას ფლობდა. “2008 წლის დეკემბერში, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდეგ,  ის იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა და … მალევე ოლიგარქი გახდა”, – წერს Tribune de Geneve. გამოცემის ინფორმაციით, კეზერაშვილის გადადგომიდან 10 დღეში ნდობით აღჭურვილმა პირმა მისთვის სამი ოფშორული კომპანია დააფუძნა. აღნიშნული კომპანიების ანგარიშებზე ნავთობის გაყიდვიდან მიღებული დიდი თანხები ირიცხებოდა.

Tribune de Geneve-ის ინფორმაციით, “პანამური დოკუმენტებიდან” ირკვევა, რომ 2012 წელს კეზერაშვილის ერთ-ერთმა ოფშორულმა კომპანიამ შვეიცარიულ ბანკში, Banque Cantonale de Geneve-ში (BCGE) გახსნა ანგარიში, სადაც 20 მილიონი ფრანკი გადაირიცხა. ამას გარდა, რამდენიმე შვეიცარიულ ბანკში (ABN AMRO და BNP Paribas) ანალოგიური გზით გადაირიცხა კიდევ 25 მილიონი ფრანკი.

შვეიცარიული გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ 2013 წელს დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით  გამოძიება დაიწყო და ინტერპოლმა მისი დაკავების ორდერი გასცა. გამოძიების დაწყების შემდეგ 2013 წლის მაის-ივნისში კეზერაშვილის ნდობით აღჭურვილმა პირმა პანამურ იურიდიულ კომპანიას Mossack Fonseca-ს მოულოდნელად დოკუმენტების უკანა თარიღით რეგისტრირება მოსთხოვა. ამის შემდეგ, სასამართლო საქმის წარმოების დაწყებამდე, კეზერაშვილმა მთელი თავისი აქტივები სხვა ორ ოფშორულ კომპანიაში გადაიტანა.

Tribune de Geneve-ის ცნობით, კეზერაშვილის ნდობით აღჭურვილმა პირმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა, რა დროსაც განაცხადა, რომ ის ფინანსური შუამავლის როლს არ ასრულებდა და მის კომპანიას კლინეტების ანგარიშებისადმი წვდომა არ ჰქონდა.

2016 წლის 7 აპრილს შვეიცარიის პროკურატურამ რამდეეიმე ბანკის საქმიანობის შესწავლა დაიწყო, მათ შორის ერთ-ერთი BCGE-ია, რომელშიც დავით კეზერაშვილთან დაკავშირებულ კომპანიას ანგარიში ჰქონდა გახსნილი.

გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმის მიერ გამოქვეყნებული მასალების თანახმად, პანამური იურიდიული კომპანია  Mossack Fonseca ზოგიერთ შემთხვევაში კლიენტებს ფულის გათეთრებასა და გადასახადებისგან თავის არიდებასა და სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდა.  გამოძიება Mossack Fonseca-ს 11,5 მილიონი დოკუმენტის შესწვლას ეფუძნება. იურიდიული კომპანიის კლიენტებს შორის ნახსენები არიან მსოფლიოს ყოფილი და მოქმედი ლიდერები, პოლიტიკოსები ცნობილი სპორტსმენები.

 

 

banner
წინა სტატიაშიპორტუგალიის კულტურის მინისტრი “ფეისბუქზე” გაკეთებული კომენტარის გამო გადადგა
შემდეგი სტატიასალვადორში კომპანია Mossack Fonseca-ს ოფისი გაჩხრიკეს