შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული პროდუქციის დამზადება-გასაღების ფაქტზე, შპს „ბატონოს“ ხელმძღვანელი დააკავეს. როგორც საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, გუგა თავბერიძემ განაცხადა, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 2025 წელს, სახელმწიფო ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, 380 792 ლარის ღირებულების 24 177.3 კილოგრამი თევზის კონსერვი მიაწოდა სასაზღვრო პოლიციასა და შპს „სახელმწიფო კვებით უზრუნველყოფას“. საგამოძიებო სამსახურში განმარტავენ, რომ აღნიშნული პროდუქცია განკუთვნილი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომელთა კვებისთვის. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც ცნობილია, ძალოვანი სტრუქტურებისთვის განკუთვნილი თევზის კონსერვების მიწოდებაზე ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 2024 წლის 31 ოქტომბერს გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 568 080 ლარს შეადგენდა. ტენდერში მონაწილეობა ორმა კომპანიამ მიიღო – შპს ბატონო და შპს ლუანა. შპს ბატონოს შეთავაზებული თანხა 567 000 ლარს შეადგენდა, შპს ლუანას – 559 800 ლარს. თუმცა ტექნიკური დოკუმენტაციის გამო სატენდერო კომისიამ “ლუანას” დისკვალიფიკაცია მიანიჭა.
გარდა ამისა, დადგინდა, რომ კონსერვის შიგთავსი, თევზის ხორცის მასური წილითა და ენერგეტიკული ღირებულებით, არ შეესაბამება ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს.
“ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა კომპანიის საქმიანობით. როგორც სამეწარმეო რეესტრიდან ირკვევა, კომპანია “ბატონო” 2015 წლიდან არის რეგისტრირებული. კომპანიის შიდა ქართლში, გორში მდებარეობს, საქმიანობის სფეროს დაკონსერვებული საკვები პროდუქტების წარმოება/ვაჭრობა წარმოადგენს. ბაზარზე კი შპს “ბატონოს” მიერ წარმოებული პროდუქცია წარმოდგენილია სავაჭრო მარკით “ბატონო” და “კულაა”.
მეწარმეთა რეესტრის მონაცემებით, “ბატონოს” 100%-იანი წილი ეკუთვნის ლეილა ლონდარიძეს, ხოლო დირექტორის პოზიცია ივანე გოგლიძეს უკავია. აღსანიშნავია, რომ სწორედ ლეილა ლონდარიძე ფიქსირდება რეესტრში შპს “გსქ კულას” 100%-იან წილის მეპატრონედ, ხოლო დირექტორის პოზიციას იქაც ივანე გოგლიძე იკავებს.
“ბიზნესპრესნიუსი” კომპანია “ბატონოს“ დაუკავშირდა, სადაც ამბობენ, რომ ინფორმაცია არ აქვთ ხელმძღვანელის დაკავების თაობაზე.
აღსანიშნავია, ისიც რომ რეესტრის მონაცემებით, ივანე გოგლიძე არის 13 კომპანიის, ერთი სააქციო საზოგადოებისა და ერთი ასოციაციის დირექტორი. კერძოდ, სამეწარმეო რეესტრის მიხედვით გარდა კომპანიებისა “გსქ კულა” და “ბატონო” , გოგლიძეს დირექტორის პოზიცია უკავია ასევე: შპს გორის ბავშვთა კვების საკონსერვო ქარხანა, შპს კულა არმს ჯორჯია, საქართველოს ხილის გადამამუშავებელთა ასოციაცია, შპს ბიოსტარი, შპს ლითლ გორი, შპს გორკონი, შპს მარვანი ვაინ, შპს პალადიუმ დეფენს ენდ სექიურიტი სოლუშენს, შპს ბიო ფ.ჯ, პს GEO-WINE, შპს გრუზ-ვინო, სს გორკონი, შპს მოვატა ფრუტი
რაც შეეხება შესყიდვებს, შპს “ბატონოს” 35 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული. აქედან, 22 არის მიმდინარე, 7 არის წაგებული, 5 არის არშემდგარი და 1 ტენდერი აქვს მოგებული. მოგებულ შესყიდვაში, კონტრაქტის ღირებულება კი 171 500 ლარს შეადგენს.


















