ფალიაშვილის ქუჩა ოფშორულ ზონაში

JD„პანამის დოკუმენტების“ სახელწოდებით ცნობილი მასალები ცხადყოფს, რომ ოფშორულ ზონებში საქმის წარმოებით 50-მდე საქართველოს მოქალაქე იყო დაკავებული წლების განმავლობაში. როგორც დეივიდ ბლოსი, რეგიონალური რედაქტორი პროექტისა „ორგანიზებული კრიმინალი და კორუფციის კვლევა”, ეუბნება რადიო თავისუფლებას, ცნობები ამ პირთა საქმიანობის თაობაზე თანდათანობით გამოქვეყნდება.

„პანამის დოკუმენტების“ თანახმად, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ფლობს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე 2011 წელს დაარსებულ კომპანია „ლინდენ მენეჯმენტს“, რომელიც მას პრემიერ-მინისტრობის დროს შევსებულ არც ერთ ფინანსურ დეკლარაციაში არ შეუტანია. საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა კი, ასევე “პანამის დოკუმენტების“ თანახმად, 2008 წელს, მინისტრის თანამდებობის დატოვების შემდეგ, ოფშორულ ზონაში სამი კომპანია გახსნა, ჟენევაში მოქმედი იურიდიული კომპანიის დახმარებით.

დეივიდ ბლოსი, რეგიონალური რედაქტორი პროექტისა „ორგანიზებული კრიმინალი და კორუფციის კვლევა”, იმედოვნებს, რომ სრულყოფილად რამდენიმე თვეში გამოქვეყნდება ინფორმაცია საქართველოში მოქმედ იმ პირთა შესახებ, რომლებიც სხვადასხვა დროს ოფშორულ ზონებში რეგისტრირებულ ბიზნესს ფლობდნენ. დეივიდ ბლოსი იყო ჟურნალისტი, რომელსაც გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმი დაუკავშირდა და „პანამის დოკუმენტების“ სახელით ცნობილი მასალები გადასცა. დეივიდის თქმით, მისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა ის, თუ რამდენი მოქალაქე იყენებდა ოფშორულ ზონებს საქართველოდან, ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან მოყოლებული:

„ჩემთვის ასეთი იყო გენერალური მინდობილობა, როცა გაქვს კომპანიის სახელით ხელმოწერის უფლება… რამდენი ადამიანი იყო ამით დაკავებული 1990-იანებში. მე ამერიკელი ვარ და იმ დროს ამდენი არ ვიცოდით ასეთ საკითხებზე – მაგალითად, 20 წლის წინ ბევრი არაფერი ვიცოდი ოფშორებზე. გაოცებული ვარ იმით, რაც 1990-იანებში აქ ხდებოდა. ეს არ იყო წარმატებული დრო, ლაპარაკი არ იყო დიდ კომპანიებზე და ამ დროს იყვნენ პირები, რომლებმაც იცოდნენ, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი გენერალური მინდობილობის გამოყენებით. ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო“.

ხანდახან ხედავ გაუთვლელ ნაბიჯებს, მაგალითად, კეზერაშვილის შემთხვევაში. მას ჰქონდა რამდენიმე კომპანია ოფშორში, მაგრამ ამის უკან თავის სახელს და გვარს არ წერდა, არ ამჟღავნებდა ვინაობას, მაგრამ უთითებდა მისამართს და მაინც ხვდებოდი, ვინ არის…

როგორც ნინო ბაქრაძე, პროექტში ჩართული ჟურნალისტი, ეუბნება რადიო თავისუფლებას, პირველ ეტაპზე მნიშვნელოვნად მიიჩნიეს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე 2011 წელს დაარსებული კომპანია „ლინდენ მენეჯმენტის“ საქმიანობის შესწავლა. ბიძინა ივანიშვილი ამ კომპანიის მეშვეობით ამერიკულ ფარმაცევტულ კომპანია „რაპტორში“ ფლობდა წილს:

„ეს არის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული კონსორციუმი, რომლის აქციებითაც ვაჭრობენ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე. ბიძინა ივანიშვილი თავის სახელითაც ფლობს წილს და ფლობს ორი ოფშორული კომპანიითაც 5,13 %-ს, საერთო ჯამში რაც არის 15 %-ზე მეტი და აქ არის კიდევ ერთი მოთამაშე, გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც არის თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი და ისიც იმდენივეს ფლობს, რამდენსაც ბიძინა ივანიშვილი თავისი სახელით და ასე გამოვიდა, რომ ყველა ეს ოფშორული სქემა „რაპტორთან“ იყო დაკავშირებული“.

დეივიდ ბლოსი ამბობს, რომ ზოგადად ოფშორულ ზონებში ქონების ფლობა უკანონო არ არის, უკანონო ამ შემთხვევაში იყო ქონების დაუფიქსირებლობა ქონებრივ დეკლარაციაში. ზოგადად, დეივიდბლოსის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ოფშორულ ზონებში ქონების ფლობა კითხვის ნიშნების შემცველი არის ხოლმე, ეს რეპუტაციის საკითხია მთელ მსოფლიოში:

„ამის შედეგებს უკვე ვხედავთ დიდ ბრიტანეთში – იმას, რაც პრემიერ-მინისტრის (დევიდ კემერონი) გარშემო ხდება. ერთი რამ, რაც უსამართლოდ მეჩვენება, არის ის, რომ სიტყვა „ოფშორი“ ცუდად ჟღერს (ყურს ცუდად ხვდება), თუმცა 25 წლის წინ ეს ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო. თუმცა ახლა ძნელად წარმომიდგენია მსოფლიოში რომელიმე პოლიტიკოსი, რომელსაც სურდეს, რომ მისი სახელიოფშორთან იყოს დაკავშირებული“.

4 აპრილს, პრესაში ე.წ. „პანამის დოკუმენტების“ ამბის გამოქვეყნების შემდეგ, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ მრავალი ქვეყნის ლიდერი, პოლიტიკოსები თუ ბიზნესმენები, გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით, თანხას ოფშორულ ზონებში მალავენ, თანამდებობიდან გადადგა ისლანდიის პრემიერ-მინისტრი დეივიდ განლაუგსონი.

„პანამის დოკუმენტების“ წყაროებზე მუშაობისას ჟურნალისტმა ნინო ბაქრაძემ გამოარკვია ისიც, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა 2008 წელს, მინისტრის თანამდებობის დატოვების შემდეგ, ოფშორულ ზონაში სამი კომპანია გახსნა ჟენევაში მოქმედი იურიდიული კომპანიის დახმარებით, თუმცა, ნინო ბაქრაძის თქმით, ამ ცნობების მოპოვება თავისთავად ძალიან სახალისო აღმოჩნდა:

„ხედავ ქართველ ადამიანებს, რას აკეთებენ 90-იანი წლებიდან დაწყებული შენი ქვეყნის გარეთ იმისთვის, რომ რაღაცები დამალონ. ხანდახან ხედავ გაუთვლელ ნაბიჯებს, მაგალითად, კეზერაშვილის შემთხვევაში. მას ჰქონდა რამდენიმე კომპანია ოფშორში, მაგრამ ამის უკან თავის სახელს და გვარს არ წერდა, არ ამჟღავნებდა ვინაობას, მაგრამ უთითებდა მისამართს და მაინც ხვდებოდი, ვინ არის“.

ნინო ბაქრაძე კიდევ ერთ საინტერესო დასკვნამდე მივიდა:

„მთელი ვაკე, ფალიაშვილის ქუჩა, ფაქტობრივად, ოფშორშია დარეგისტრირებული და იდეაც კი გვქონდა გაგვეკეთებინა რუკა, სადაც ეს მისამართები იქნებოდა მონიშნული“.

ერეკლე ურუშაძეერეკლე ურუშაძე

მიუხედავად იმისა, რომ ყოფილ თუ მოქმედ თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებთანმიმართებით არსებული დარღვევების შესახებ სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციები აქვეყნებდნენ ინფორმაციას, ასეთი ცნობები, როგორც წესი, რეაგირების გარეშე რჩებოდა და რჩება. ამას ადასტურებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ პროგრამების მენეჯერი ერეკლე ურუშაძეც. მისი თქმით, ამჯერადაც იგივე დამოკიდებულება გამოვლინდა:

„შარშანწინ გამოვაქვეყნეთ, მაგალითად, 12 დეპუტატის სია, რომლებსაც კუთვნილი კომპანიები არ ჰქონდათ მითითებული ქონებრივ დეკლარაციაში. მანამდე გვქონია მინისტრებზე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე, მაგრამ ამას არ მოჰყოლია არანაირი რეაგირება. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს კანონმდებლობა, როცა ინტერესთა კონფლიქტი ვლინდება, ამაზე რეაგირების ეფექტური მექანიზმი არ გვაქვს და ეს ფაქტები ყოველთვის რეაგირების გარეშე რჩება“.

ერეკლე ურუშაძის თქმით, ამგვარივე ვითარებაა ახლა, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, საქმის გამოძიებით არ ინტერესდება პროკურატურა და მმართველი კოალიციის წარმომადგენლები სანდოდ არ მიიჩნევენ ჟურნალისტური გამოძიების შედეგებს. ასეთ ვითარებაში, ერეკლე ურუშაძის თქმით, გაცილებით ეფექტური იქნებოდა დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყების არსებობა, რომელიც თანამდებობის პირთა შესაძლო კორუფციულ ქცევას შეისწავლიდა, მაგრამ პარლამენტმა გასულ წელს ასეთი მექანიზმის შექმნაზე უარი განაცხადა.

წყარო:”რადიო თავისუფლება”

banner
წინა სტატიაშიგელა ხვედელიძე დუმილს არღვევს
შემდეგი სტატიადიმიტრი შაშკინი: “პოლიტიკური ელიტა ახლა ყველაფერზე ლაპარაკობს გარდა ხალხისა”