სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ჩანიშნული წამახალისებელი პაემანი გაუქმდა.
უწყების ხელმძღვანელის თქმით, მსჯავრდებულ ღარიბაშვილს კანონით კუთვნილი ლიმიტი სრულად აქვს ამოწურული, ხოლო დამატებითი პაემნის თაობაზე სამართლებრივი აქტი არ გამოცემულა.
„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არის მტკნარი სიცრუე, გამომდინარე იქიდან, რომ მას სრულად აქვს №12 პენიტენციური დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული პაემნების ლიმიტი ამოწურული… დაწესებულების დირექტორს სრული უფლება აქვს, გამოსცეს შესაბამისი სამართლებრივი აქტი მსჯავრდებულის პაემნით წახალისებასთან მიმართებაში, თუმცა ამ შემთხვევაში მსგავსი აქტი გამოცემული არ ყოფილა და, შესაბამისად, ვერც პაემანი ვერ იქნებოდა ჩანიშნული“, — განაცხადა გიორგი პატარიძემ.
პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი საზოგადოებასა და მედიას მოუწოდებს, თავი შეიკავონ გადაუმწმებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან.

















