PACE-ს პრეზიდენტი ამბობს, რომ მისი მიზანი პოლიტპატიმარ გიგი უგულავას გათავისუფლებაა

ესპანელი პედრო აგრამუნტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდნეტის პოსტზე ან ბრასორის ცვლის. აგრამუნტი საპარლამენტო ასამბლეის 25 იანვრის სხდომაზე 1 წლის ვადით აირჩიეს.

ასამბლეის ახალმა პრეზიდენტმა კოლეგებს სიტყვით მიმართა, სადაც საქართველოზე და კონკრეტულად გიგი უგულავაზეც ისაუბრა.

„ჩემი როგორც თავმჯდომარის ერთ–ერთი მიზანი ასამბლეის წევრ პარლამენტართა უფლებების დაცვაა, რომ მათ შეძლონ საკუთარი მანდატის განხორციელება როგორც ევროსაბჭოსა და საკუთარ ქვეყნებში არჩეულმა წარმომადგენლებმა. ამგვარად, ისეთი ფიგურების გათავისუფლება როგორიც ნადია სავჩენკო და სხვა პოლიტიკური პატიმრები არიან, გიგი უგულავას ჩათვლით, ასევე მათი თავისუფლების, თავისუფალი გადაადგილების და სიტყვის თავისუფლების დაცვა უნდა იყოს აღნიშნული ქვეყნების ხელისუფალთა ერთ–ერთი პრიორიტეტი”, – განაცხადა აგრამუნტმა.

ის ევროპის სახალხო პარტიის წევრია. მან გასულ წელს მოამზადა ანგარიში, სადაც ყოფილი მერის გიგი უგულავასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების გამო საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ კი მას მიკერძოებული უწოდა და მისი კრიტიკა, ასაკს დააბრალა.

“ბატონ პედრო აგრამუნტს უკვე დასჩემდა და შეიძლება ეს ასაკის ბრალია, რომ ის ფაქტებს არასწორად იგებს, ან ხდება ძალიან მიკერძოებული. დღეს მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არის მხოლოდ და მხოლოდ თავისი პარტიის ინტერესების გამტარებელი”, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ 2015 წლის 1 ოქტომბერს.

banner
წინა სტატიაშიევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად პედრო აგრამუნტი აირჩიეს
შემდეგი სტატიალარი ისევ გაუფასურდა, ეროვნული ვალუტა ანტირეკორდებს ხსნის