ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო და მწვავე განცხადებას ავრცელებს. კომიტეტის შეფასებით, ქვეყანაში ამჟამად არ არსებობს დემოკრატიული არჩევნების ჩატარების წინაპირობები.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს გამოწვეულია ოპოზიციაზე, მედიასა და სამოქალაქო სექტორზე მიმდინარე უწყვეტი ზეწოლითა და უკიდურესი პოლარიზაციით. კომიტეტი მკაცრად მოითხოვს ე.წ. „რეპრესიული კანონმდებლობის“ გაუქმებას.
„მონიტორინგის კომიტეტი მოითხოვს იმ ცვლილებების გაუქმებას, რომლებიც შევიდა სისხლის სამართლის კოდექსში, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ამასთან, კომიტეტი გმობს დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო ორგანიზაციებზე თავდასხმებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, სრულად შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციები“, — ნათქვამია განცხადებაში.















