პაატა ზაქარეიშვილმა აფხაზეთთან დაკავშირებით მისი მოსაზრების შესახებ დამატებითი განმარტებები გააკეთა

სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა აფხაზეთთან დაკავშირებით მისი მოსაზრების შესახებ დამატებითი განმარტებები გააკეთა. როგორც ზაქარეიშვილი აცხადებს მისი ნათქვამის გავრცელება კონტექსტიდან ამოგლეჯილად მოხდა. მინისტრის თქმით საუბარი საქართველოს ფედერაციული მოწყობის საკითხს ეხებოდა, რომელსაც გარკვეული წლების წინ თავად ნაციონალური მოძრაობის წევრებიც ეთანხმებოდნენ.

„ეს განცხადება არ არის ეს არის კომენტარი, რომელიც გაკეთდა კავკასიური სახლის მიერ მოწყობილ კონფერენციაზე, ამას ესწრებოდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრებიც. იყო მსჯელობა როგორ ვხედავთ კონფლიქტების მოგვარებას. მე ვამბობ, რომ მას შემდეგ რაც მოგვარდება ნდობის აღდგენის, ეკონომიუკური ურთიერთობის, უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები, ბოლო ეტაპზე მე პირადად ასე ვხედავ პრობლემის მოგვარებას და არა მარტო მე, „ნაციონალური მოძრაობის“ ბევრი წარმომადგენელიც, მათ შორის კუბლაშვილი, დავით დარჩიაშვილი, დავით ბაქრაძე, როცა ერთად ვწერდით კონცეფციას 2004 წელს, ჩვენ ასე ვხედავდით, ახლა არა ვიცი როგორ ხედავენ ისინი. ჩვენ ერთი დოკუმენტი გამოვეცით მაშინ 2004 წლის ივნისში და დაიბეჭდა. კანდელაკი მაშინ არ ვიცი სად იყო, არ მიცნობს საერთოდ . ეს ფრაზა რაც კომენტარიდან იყო არის ამოგლეჯილი. ეს არის დიდი ციტატის ნაწილი. ამიტომ ვერიდები კომენტარებს და მირჩევნია პირდაპირი ეთერი , რომ მკაფიოდ ჩამოვაყალიბო ჩემი პოზიცია.“- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

როგორც სახელმწიფო მინისტრი აცხადებს, მისი ნათქვამი, რომ „აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში არ ყოფილა“ ეხებოდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პერიოდს.

„მე ვამბობდი, რომ საქართველოს საბჭოთა კავშირის შემდეგ არავითარი გამოცდილება არ გააჩნია აფხაზებთან ერთ სახელმწიფოში ცხოვრების , პოლიტიკურ ადმინისტრაციულ სახელმწიფო სივრცეში. შესაბამისად ჩვენ გვჭირდება შევიმუშაოთ ახალი სისტემა აფხაზებთან ერთ სახელმწიფოში ცხოვრების , რადგან აღარ გვინდა საბჭოთა კავშირის დროინდელი. საქმე ისაა , რომ ჩვენ კედლები სახელმწიფოსი გვაქვს, შიგნით ოთახების მოწყობა ჩვენ არა გვაქვს, ოთახების კი არა სართულების მოწყობაც არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს სახლი სადაც არ არის არანაირი მოწყობა. ჩვენ სახელმწიფო ვართ და კეთილი უნდა ვინებოთ და ჩამოვაყალიბოთ ისეთი ფორმატი, რომელიც განსხვავებული იქნება იმ სისტემისგან, რომელიც იყო საბჭოთა კავშირის დროს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო ომი და ჩვენ არ შეგვიქმნია არანაირი სახელმწიფოებრივ პოლიტიკური ადმინისტრაციული ერთეული, რომელსაც აფხაზები და ქართველები ერთად შექმნიდნენ. ჩვენ ვლაპარაკობთ ევროპულ ფედერაციაზე, თუმცა ეს დღეს დღის წესრიგში არ არის, რადგან სახელმწიოფო მოწყობა კონფლიქტების მოგვარების ბოლო ეტაპია. მისი წინა ეტაპებია შერიგების პროცესი, ნდობის აღდგენა, ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა, უსაფრთხოების მოგვარება. ჩვენმა მთავრობამ აიღო ვალდებულება, რომ გაიაროს ეს ეტაპები ნდობის აღდგენის, ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის. სახელმწიფოებრივი მოწყობის ეტაპი უკვე შემდეგი მთავრობის იქნება ჩვენ ვიქნებით თუ სხვა. ამ ფედერაციულ მოწყობას არ ეწინააღმდეგებოდა ენმ-ს არცერთი წევრი რომელსაც მე ვიცნობ“- აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

პაატა ზაქარეიშვილმა კავკასიური სახლის მიერ მოწყობილ კონფერენციაზე აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხზე ისაუბლა და საუკეთესო ვარიანტად ფედერაციული მოწყობა მიიჩნია. ამასთანავე მინისტრმა უახლეს ისტორიაში საქართველო-აფხაზეთის ერთ სახელმწიფოში ცხოვრების გამოცდილების არქონასაც გაუსვა ხაზი:

,,ჩვენ გვაქვს ერთადერთი გამოცდილება აფხაზეთთან ერთად სახელმწიფოს მოწყობისა _ ეს არის საბჭოთა კავშირი. რა იყო დავით აღმაშენებლის დროს, მე არ ვიცი და სხვა გამოცდილება ჩვენ არ გვაქვს. აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში არ ყოფილა. ჩვენს თაობას არ გვახსოვს, ყოველ შემთხვევაში, ანუ დღევანდელ ევროპულ რეალობაში ეს არ ყოფილა. ამიტომ, გვინდა ერთია და როგორ ვაპირებთ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას, მეორე და საზოგადოება ამაზე უნდა მსჯელობდეს”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

შეგახსენებთ ენმ-მ პაატა ზაქარეიშვილი არაკომპეტენტურობასა და ანტისახელმწიფოებრივი განცხადების გაკეთებაში დაადანაშაულაროგორც პარტიაში მიიჩნევენ, ივანიშვილის გუნდს საქართველოს მომავლის ხედვა და რწმენა არ გააჩნია. მათი თქმით, ზაქარეიშვილი რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის საპასუხო პოლიტიკის ნაცვლად, საზოგადოებას ბედის შეგუებისაკენ მოუწოდებს.

 

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი პარიზში მსოფლიო ლიდერებს მიესალმა (ფოტო)
შემდეგი სტატიამთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე ოლქის პროკურორებს შეხვდა