პაატა სალია – ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი დაგვიანებულია, ამ სარჩელის წარდგენა სულ მცირე, 2014 წლამდე უნდა მოეხერხებინათ

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ფიქრობს, რომ არხის დამფუძნებლების, ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი ხანდაზმულია. პაატა სალიას განცხადებით, პარალელის გავლება, რომ სასამართლომ დვალის და აქიმიძის სარჩელი ისევე უნდა დააკმაყოფილოს, როგორც ქიბარ ხალვაშის შემთხვევაში, მართებული არ არის.

„ნაადრევია ვისაუბროთ სარჩელის შინაარსზე, თუმცა პრესკონფერენციაზე გაჟღერებული ფაქტებიდან შემიძლია ერთი კომენტარი გავაკეთო. განსხვავება არის ქიბარ ხალვაშის მიერ შეტანილ იმ სარჩელსა და ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელებს შორის, რადგან დროში არის ძალიან დიდი განსხვავება.

პირველ რიგში ქიბარ ხალვაშმა მიმართა ათწლიანი ხანდაზმულობის პერიოდში საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სარჩელით, ასევე მას ჰქონდა მიმართული პროკურატურისთვის ჯერ კიდევ 2007 წელს ხანდაზმულობის ვადების დაცვით და სწორედ ეს შეაფასა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ, რომ ქიბარ ხალვაშის მიერ პროკურატურისთვის მიმართვით დაცული იყო ხანდაზმულობის ვადა. სწორედ ამ შეფასებიდან გამომდინარე, რომ ხანდაზმული არ იყო ქიბარ ხალვაშის სარჩელი, დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა, ამ შემთხვევაში ვნახოთ როგორ შეაფასებს ხანდაზმულობის საკითხს სასამართლო, თუმცა ჩემი, როგორც იურისტის პოზიციაა ამ შემთხვევაში, რომ მათი სარჩელი არის დაგვიანებით წარდგენილი. მათ ამ სარჩელის წარდგენა როგორც მინიმუმ, უნდა მოეხერხებინათ 2014 წლამდე“, – განაცხადა პაატა სალიამ.

დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის ადვოკატი „რუსთავი 2“-ის 60-პროცენტიანი წილის დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელს შეიტანს.

banner
წინა სტატიაშისუსი უნდა დაიხუროს – რომან გოცირიძე
შემდეგი სტატიარუხის ინოვაციების ცენტრში დევნილებთან შეხვედრა და ტრეინინგი გაიმართა