პაატა პავლიაშვილის ადვოკატი, ოჯახისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას და საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს

ნუცუბიძის ფერდობზე დაკავებისას გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის ადვოკატი, ოჯახისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ აუცილებელია ოჯახს და მათ უფლებადამცველს გადაეცეს საქმის მასალები, რათა გაერკვიოს გამოძიება რა ეტაპზეა. ვეფხვაძის თქმით, საქმეში ბევრი უზუსტობა და კითხვის ნიშნები არსებობს. ადვოკატი საგამოძიებო უწყებისგან საქმის გადაკვალიფიცირებასაც ითხოვს და ამბობს, რომ ძიება სამსახურეობრივი გულგრილობით უნდა დაიწყოს.

„მთავარი მომენტი არის ის, რომ ამ ადამიანთან ურთიერთობის მომენტიდან, სანამ დადგა ფატალური შედეგი, მანამდე უნდა არსებობდეს გადაღებული კადრები. შესაბამისად შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, არსებობს ასეთი კადრები, მათ შორის ცუდად გახდომის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქმისათვის და პროკურატურა აცხადებს, რომ არ არსებობს. ვიცი ბრალეულობა იკვეთება და რატომ არ არსებობს, ამას გავიგებთ მას შემდეგ, როდესაც გავეცნობით საქმის მასალებს და იმედია მოგვცემს პროკურატურა იმის საშუალებას, რომ გავეცნოთ მასალებს.

გარდა ამისა, გუშინ გავრცელებული განცხადების შემდეგ ვითხოვთ კვალიფიკაციის შეცვლას საქმეზე, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ უნდა შეიცვალოს კვალიფიკაცია და წავიდეს სამსახურეობრივი გულგრილობით. ანუ პატრულის ფაქტზე, როდესაც არ მოხდა ჯეროვნად საქმიანობის განხორციელება,“-აცხადებს ვეფხვაძე.

ლევან ვეფხვაძე განმარტავს, რომ კანონით პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია აწარმოოს ვიდეო გადაღება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება სამართალდარღვევას, მითუმეტეს დაკავებას.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ არ მუშაობს სამხრე კამერა, არსებობს ავტომობილზე ვიდეოთვალი, რომლითაც უნდა მოხდეს პროცესის დაფიქსირება.

banner
წინა სტატიაშილევან იზორიას უკრაინის „დამოუკიდებლობის დღის“ სამახსოვრო მედალი გადაეცა
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე: ხეების ჭრა თუ გაგრძელდა, არამარტო ტყეს არამედ ბორჯომის კურორტს და წყალს დავკარგავთ