პაატა მანჯგალაძე – ვფიქრობ, ხელისუფლება გონივრული კომპრომისებისთვის მზად არის

ვფიქრობ, რაღაც კომუნიკაცია შედგა ხელისუფლებასთან და გონივრული კომპრომისებისთვის მზად არის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„პრეზიდენტი მიშელი ისეთი მაღალი რანგის წარმომადგენელია, რომ არ იყოს კონტაქტი ხელისუფლებასთან და არ არსებობდეს გარანტია, რომ რაღაც კომპრომისებს აპირებს „ქართული ოცნება“, ხელმეორედ, რეპუტაციულად ნამდვილად არ გარისკავდა და არ გამოუშვებდა მის პირად წარმომადგენელს. ვფიქრობ, რაღაც კომუნიკაცია შედგა ხელისუფლებასთან და რაღაც გონივრული კომპრომისებისთვის მზად არის. თუ ეს ასე არ იქნება, ნიშნავს, რომ პირდაპირ უარი ვუთხარით ევროპას და ავიღეთ გზა ბელარუსისკენ, რასაც ქართველი ხალხი არ მიიღებს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ამასთან, მანჯგალაძის თქმით, პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად საჭიროა რიგგარეშე არჩევნები.

„რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, ეს არ არის ოპოზიციის ახირება, ეს გვჭირდება, რომ პოლიტიკური კრიზისი განვმუხტოთ. განმუხტვის საშუალება არის რიგგარეშე არჩევნები. ხშირად საუბრობს კობახიძე, რომ ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, არ არის ეს ევროპული პრაქტიკა. ევროპული პრაქტიკაა, რომ როცა იქნება კრიზისი და ვერ კომპლექტდება არა თუ მთავრობა, პარლამენტში არ არის ასახული ნახევარზე მეტის ნება, ამაზე უკეთესი საფუძველი ვადამდელი არჩევნების დანიშვნის, არ არსებობს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, მისი პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში კვირის ბოლოს დაბრუნდება.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მას ევროპული საბჭოს პრეზიდენტიგან საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიაცია დაევალა. დანიელსონმა 12-14 მარტს შეხვედრები გამართა, როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ამის შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა ვიზიტი გაახანგრძლივა. გაიმართა ერთობლივი შეხვედრები ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობითაც, თუმცა უშედეგოდ.

დანიელსონმა საქართველო 19 მარტს დატოვა. გამგზავრებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე კრისტიან დანიელსონმა იმედი გამოთქვა, რომ პარტიებს ექნებათ კომპრომისის სურვილი, რომელიც შედეგის შესაძლებლობას იძლევა.

banner
წინა სტატიაშილევან ბეჟაშვილი – გიორგი გახარია არის „ქართული ოცნების“ გეგმა „ბე“
შემდეგი სტატიაNDI-ის კვლევა – გამოკითხულთა 53% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას არ აპირებს